ევროპული საქართველო

დონაძე წერეთლის გამზირზე: ოთხივე ახალი შერჩეული კომპანია ქართულ ოცნებასთან აფილირებულია

დონაძე

ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების თემას გამოეხმაურა. დონაძე ამბობს, რომ ოთხივე ახალი კომპანიის მეწილეები, რომელთანაც მერიამ ქუჩის განახლების დასასრულებლად კონტრაქტები გააფორმა, სხვადასხვა დროს, ქართულ ოცნებასთან აფილირებული ადამიანები არიან. დონაძე ფიქრობს, რომ კალაძემ თბილისელებს ბოდიში უნდა მოუხადოს და სამუშაოები რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს.

"სამუშაოების დაწყებისთანავე, კალაძეს ვაფრთხილებდით, რომ ის კომპანიები, რომლებიც ტენდერით შეარჩიეს, ამ სამუშაოებს ვერ შეასრულებდნენ, რადგან მათ არც მატერიალური, არც ტექნიკური, არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსი არ ჰქონდათ იმისთვის, რომ ამხელა პროექტი განეხორციელებინათ. მაგრამ, რა თქმა უნდა, კალაძემ ჭკვიან ხალხს არ დაუჯერა და თავისი ახირებით, სამუშაოები 20 აპრილს დაიწყო. შესაბამისად, ეს პროექტი ჩავარდა. კახა კალაძემ თბილისელებს ბოდიში უნდა მოუხადოს და წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს - ამიტომ, სახელმწიფო შესყიდვების გადაუდებელი აუცილებლობა უნდა გამოიყენოს და კომპანიები გამჭვირვალედ შეარჩიოს. არა ისე, როგორც ახლა შეარჩია, როცა ძირითადი კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველები არიან. ასევე, არის კომპანია, რომელმაც თავის დროზე, ვადებში ჭავჭავაძის გამზირი ვერ დაასრულა - ეს არის შპს ჯეო გრუპი. ჯეო გრუპი არის კომპანია, რომელიც თავად კალაძემ ამხილა, რომ კახეთის გზატკეცილის მონაკვეთი უხარისხოდ გააკეთა. ზოგადად, ამ ოთხივე შერჩეული კომპანიის მეწილეები 2012 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დროსა და ეტაპზე ქართულ ოცნებასთან აფილირებულები იყვნენ. სამწუხაროა, რომ ეს პროექტი ჩავარდა, რადგან კახა კალაძე ვალდებულია, რომ თბილისელებს გამართული მუნიციპალური სერვისი მიაწოდოს და მოსახლეობამ მუნიციპალური სიკეთეებით ისარგებლოს". - თქვა დონაძემ.

დონაძე ასევე ამბობს, რომ 2023 წლის აპრილში კომპანიებმა წერეთლის გამზირზე სამუშაოები ყოველგვარი გეგმის, გრაფიკისა და პროექტის გარეშე დაიწყეს.

"ძირითადი ხელშეკრულებებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის 20 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კახა კალაძემ სამუშაოების წარმართვა ვერ უზრუნველყო და შესაბამისად, ის გახანგრძლივდა. გახანგრძლივდა იმიტომ, რომ კალაძის პიარის გამო, აღნიშნული სამუშაოები 20 აპრილს დაიწყო - იმ დროს, არცერთ კომპანიას გეგმა, გრაფიკი და პროექტი გამზადებული არ ჰქონდა. სამუშაოების დაწყებიდან 1 თვის შემდეგ, კომპანიები იმის გამო დააჯარიმეს, რომ მერიაში პროექტი და გეგმა-გრაფიკი არ წარადგინეს. ანუ, გამოდის, რომ კომპანიებმა მუშაობა ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე დაიწყეს. კომპანიებს სრული პროექტი არ ჰქონდათ და ამიტომ, 2023 წლის ოქტომბერში, კალაძეს მოუწია, რომ მთლიან ღირებულებაზე 2 800 000 ლარი დაემატებინა. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტი სწორად შედგენილი არ იყო და არაფერი გამზადებული არ ყოფილა". - განაცხადა ბესიკ დონაძემ.

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასასრულებლად 4 ახალ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლებიც სამუშაოებში უკვე ჩაერთნენ. ეს კომპანიებია: ენკოპარმაჯეი გრუპი და ბლექ სი გრუპი.


თბილისის მერიამ ხელშეკრულებები წერეთლის გამზირზე მომუშავე კონტრაქტორ კომპანიებს, შპს ერ ტე დესა და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს შეუწყვიტა.

მერია შპს ერ ტე დეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. უწყების განცხადებით, დაფიქსირდა კომპანიის მხრიდან სამუშაოების არწარმოების არაერთი შემთხვევა, ასევე, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა. მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოების შემოწმების დროს, 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის იანვრის პერიოდში, 11 ფაქტი იყო, როცა კომპანია ობიექტზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს არ ასრულებდა. 

"შპს ერ ტე დეს მიერ წერეთლის გამზირზე სამუშაოები მნიშვნელოვნად შეფერხებით სრულდება. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არაა და მისი დამთავრების ვადაზე სამსახურის მიერ დაახლოებითი პროგნოზი ვერ კეთდება. ასევე, ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტთან შეუსაბამოდ, უხარისხოდ მიმდინარეობს". - წერს მერია კომპანიისთვის გაგზავნილ დოკუმენტში.

მერია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს შპს მილენიუმ ბილდერს გრუპსაც. უწყების ცნობით, ამ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა სამუშაოების არ წარმოებასა (8-ჯერ) და გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენას.

"შპს მილენიუმ ბილდერ გრუპის მიერ წერეთლის გამზირზე სამუშაოები მნიშვნელოვნად შეფერხებით სრულდება. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არაა და მისი დამთავრების ვადაზე სამსახურის მიერ დაახლოებითი პროგნოზი ვერ კეთდება. ასევე, ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტთან შეუსაბამოდ, უხარისხოდ მიმდინარეობს". - წერია მერიის მიერ კომპანიისთვის გაგზავნილ დოკუმენტში. 

მერიამ ორივე კომპანიას შესაბამისი საჯარიმო სანქციები დაუწესა.

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია 2023 წლის აპრილში დაიწყო.

კომენტარები