თბილისის მერია

მერია წერეთელზე: კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა ვადებზე არ იმოქმედებს

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა, თუმცა, უწყებაში ამბობენ, რომ ეს ქუჩის რეაბილიტაციის დასრულების ვადაზე არ იმოქმედებს და ადგილზე საავტომობილო მოძრაობა სრულად დათქმულ დროს აღდგება.

"თბილისის მერიას და უშუალოდ ქალაქის მერს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრაქტორი კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრატორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ მკაცრი მონიტორინგი ხორციელდება და ხდება კომპანიების გაფრთხილება, დაჯარიმება ან ხელშეკრულების გაწყვეტა. ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას, თუმცა, კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა ვადებზე არ იმოქმედებს და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში". - წერია თბილისის მერიის განცხადებაში.

გეგმის მიხედვით, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

თბილისის მერიამ ხელშეკრულებები წერეთლის გამზირზე მომუშავე კონტრაქტორ კომპანიებს, შპს ერ ტე დესა და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს შეუწყვიტა.

მერია შპს ერ ტე დეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. უწყების განცხადებით, დაფიქსირდა კომპანიის მხრიდან სამუშაოების არ წარმოების არაერთი შემთხვევა, ასევე, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა. მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოების შემოწმების დროს, 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის იანვრის პერიოდში, 11 ფაქტი იყო, როცა კომპანია ობიექტზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს არ ასრულებდა. 

"შპს ერ ტე დეს მიერ წერეთლის გამზირზე სამუშაოები მნიშვნელოვნად შეფერხებით სრულდება. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არაა და მისი დამთავრების ვადაზე სამსახურის მიერ დაახლოებითი პროგნოზი ვერ კეთდება. ასევე, ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტთან შეუსაბამოდ, უხარისხოდ მიმდინარეობს". - წერს მერია კომპანიისთვის გაგზავნილ დოკუმენტში.

მერია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს შპს მილენიუმ ბილდერს გრუპსაც. უწყების ცნობით, ამ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა სამუშაოების არ წარმოებასა (8-ჯერ) და გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენას.

"შპს მილენიუმ ბილდერ გრუპის მიერ წერეთლის გამზირზე სამუშაოები მნიშვნელოვნად შეფერხებით სრულდება. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არაა და მისი დამთავრების ვადაზე სამსახურის მიერ დაახლოებითი პროგნოზი ვერ კეთდება. ასევე, ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტთან შეუსაბამოდ, უხარისხოდ მიმდინარეობს". - წერია მერიის მიერ კომპანიისთვის გაგზავნილ დოკუმენტში. 

მერიამ ორივე კომპანიას შესაბამისი საჯარიმო სანქციები დაუწესა.

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია 2023 წლის აპრილში დაიწყო.

კომენტარები