ცხოველის წამება

მარნეულში ძაღლზე ძალადობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მარნეულში ძაღლზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

მედიის ცნობით, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პირველი არხის ინფორმაციით, მორიგი პროცესი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 28 თებერვლისთვის ჩაინიშნა.

საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყება დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. წარდგენილი ბრალდება დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ოთხ წლამდე.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ბრალდებულმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა.

[...] საქართველოს პროკურატურა ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს. ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე პროკურატურის ინიციატივით მომზადდა სისხლის სამართლოს კოდექსის 259-ე მუხლში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე სასჯელი გამკაცრდა" - აცხადებს პროკურატურა.

ძაღლზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა Facebook-ზე გავრცელდა.

კომენტარები