ცხოველის წამება

ადვოკატის თქმით, მარნეულში ძაღლზე ძალადობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს

მარნეულში, ძაღლზე ძალადობისთვის დაკავებული პირის ადვოკატი, სულეიმან ისმაილოვი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

"საერთოდ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. რის საფუძველზე დააკავეს, არ ვიცი. ეს კაცი თავად, ნებაყოფლობით გამოცხადდა. ალბათ, სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას არ გამოიყენებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს". - თქვა ადვოკატმა მთავარ არხთან სატელეფონო საუბარში.

საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყება დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. წარდგენილი ბრალდება დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ოთხ წლამდე.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ბრალდებულმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს. ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე პროკურატურის ინიციატივით მომზადდა სისხლის სამართლოს კოდექსის 259-ე მუხლში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე სასჯელი გამკაცრდა" - აცხადებს პროკურატურა.

ძაღლზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა Facebook-ზე გავრცელდა.

კომენტარები