ევროკავშირის დროშა

საპატრიარქო: დეკანოზ ცქიფურიშვილს საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვისთვის არ მიუღია

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს საეკლესიო სასჯელი ევროკავშირის დროშის დაწვისთვის არ მიუღია.

"ვრცელდება არასწორი ინფორმაცია დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის შესახებ, თითქოს მან საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვის გამო მიიღო. სინამდვილეში მის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ მიმართვაში იყო სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რაც არის კანონიკური დარღვევა". - წერია საპატრიარქოს განცხადებაში. 

საპატრიარქოს ინფორმაციითვე, აღნიშნულ საკითხზე სინოდალური კომისიის სხდომა 26 დეკემბერს გაიმართა. ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირის თავმჯდომარეობით კომისიამ დაასკვნა, რომ დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს "დისციპლინური და ეთიკური დარღვევებისთვის, რისთვისაც არა ერთგზის იქნა გაფრთხილებული წარსულშიც" სინოდალურ კომისიაზე გამოცხადებამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების უფლება უნდა შეუჩერდეს. 

20 დეკემბერს დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა და მღვდლებმა, გენადი გოგილაშვილმა და იაკობ მესტვირიშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელეს ვიდეოები, სადაც ევროკავშირის დროშებს წვავენ. ამ ქმედებით სასულიერო პირები მცხეთის გამგეობის შენობაზე აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვისთვის დაკავებულ ლაშა შარუხიას სოლიდარობას უცხადებდნენ.

კომენტარები