სერბეთი

ბელგრადში არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით გამართული აქციის დროს მერიაში შეჭრა სცადეს

არჩევნების შედეგების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ცდილობენ ბელგრადის მერიაში შესვლას
Oliver Bunic/AFP/Getty Images

24 დეკემბერს ბელგრადში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით  ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ოპოზიციონერი დემონსტრანტების თქმით, არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა და მისი შედეგები არალეგიტიმურია. აქციის მონაწილეებმა ბელგრადის მერიის შენობაში შეჭრა სცადეს, ხოლო შენობაში გამოკეტილმა პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

მონაწილეები შენობას კვერცხებს ესროდნენ და ყვიროდნენ: "გააღეთ კარი!", "ქურდებო!" და "ვუჩიჩი არის პუტინი" . მთავარი ოპოზიციური პარტიის, სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ, წევრებმა, სრჯან მილივოიევიჩმა და ვლადიმირ ობრადოვიჩმა კარის გაღება სცადეს, მაგრამ შენობაში ვერ შევიდნენ. ამ დროს დემონსტრანტები ყვიროდნენ: "შედით, შედით" და "არავითარი დანებება". პარტიის სხვა წევრმა, მარინიკა ტეპიჩმა არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად შიმშილობა გამოაცხადა და მათ ანულირებას მოითხოვს.

ოპოზიციის აზრს საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციებიც იზიარებენ. მათ თქვეს, რომ პოპულისტმა მმართველმა პარტიამ მიკერძოებული მედიის, ხმების მოსყიდვისა და პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის არასათანადო გავლენის გამო უსამართლო უპირატესობა მოიპოვა. ვუჩიჩმა ეს განცხადებები უარყო და ისინი უცხოურ გავლენას დააბრალა. 

1 ნოემბერს ვუჩიჩმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. წინა არჩევნები სერბეთში 2022 წელს ჩატარდა. 17 დეკემბერს მმართველი პარტიის, სერბეთის პროგრესული პარტიის (SNS) გამარჯვება გამოცხადდა. არჩევნების შედეგების მიხედვით, SNS-მა ხმების 46.62% მიიღო, ხოლო მთავარი ოპოზიციური პარტია, სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ ხმების 23.56%-ით მეორე ადგილზე გავიდა

კომენტარები