ევროკავშირი-უნგრეთი

სიიარტო: ბრიუსელს არ აქვს უფლება, ქვეყანაში ვინმეს შემოშვება დაგვაძალოს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, არავის არ აქვს უფლება, მათ შორის, არც ბრიუსელს, უკარნახოს უნგრეთს, ვისი შეშვების უფლება აქვს საკუთარ ქვეყანაში.

სიიარტოს თქმით, უნგრეთი მხარს არ უჭერს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიგრაციისა და თავშესაფრის მინიჭების პოლიტიკის შესახებ რეფორმაზე მიღწეულ შეთანხმებას.

"არავის შეუძლია, ქვეყანაში ვინმეს შემოშვება დაგვაძალოს. მხოლოდ ისინი შეძლებენ უნგრეთში შემოსვლას და დარჩენას, ვინც გვენდომება. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ მიგრაციის პაქტს. არავის შევუშვებთ ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ. არც ბრიუსელს და არც სხვა ვინმეს აქვს იმის უფლება, რომ გვითხრას, ვისი შეშვების უფლება გვაქვს ქვეყანაში. უმკაცრეს უარს ვამბობთ ამის გამო დასჯაზე. ეს უნგრეთის მთავრობაა, აქ ჩვენ ძალაუფლება უნგრელმა ხალხმა მოგვცა და არა ბრიუსელის ელიტამ. კარგი იქნება, თუ არ შეეცდებიან ჩვენზე რაიმე იძულებითი მიგრაციის ზომების დაწესებას, რასაც ჩვენ ვერ მივიღებთ". - თქვა სიიარტომ.

მიგრაციისა და თავშესაფრის მინიჭების პოლიტიკის შესახებ ფორმალურ შეთანხმებას მომდევნო ეტაპზე ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის მიერ დამტკიცება და ევროპარლამენტის მიერ რატიფიცირება სჭირდება.

კომენტარები