მიგრანტების კრიზისი ევროპაში

ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი თავშესაფრის მინიჭების შესახებ რეფორმაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიგრაციისა და თავშესაფრის მინიჭების პოლიტიკის შესახებ რეფორმაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

როგორც ევროპული საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, შეთანხმება ევროკავშირის 5 კანონის პოლიტიკურ ნაწილს ფარავს და "თავშესაფრის მინიჭებისა და მიგრაციის მენეჯმენტის ყველა ეტაპს ეხება". განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შეთანხმების ხუთივე კომპონენტი ევროკომისიამ 2020 წელს წარადგინა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შეთანხმებული 5 მთავარი კომპონენტი მოიცავს არალეგალი მიგრანტების შემოწმებას, თავშესაფრის მინიჭების განაცხადების განხილვის პროცედურებს, წესებს იმის გასარკვევად, თუ რომელი წევრი სახელმწიფოა თავშესაფრის მინიჭების განაცხადის განხილვაზე და კრიზისული სიტუაციების მართვების გზებს.

"ახალი წესები, დამტკიცების შემდეგ, ევროპის თავშესაფრების მინიჭების სისტემას უფრო ეფექტიანს გახდის და გაზრდის სოლიდარობას წევრ ქვეყნებს შორის იმ წევრი ქვეყნებისთვის მდგომარეობის შემსუბუქების გზით, სადაც ყველაზე მეტი მიგრანტი ჩადის". - აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სტრუქტურებს შორის შეთანხმება ევროკავშირის საბჭოს მოქმედი ესპანური ხელმძღვანელობის ფარგლებში შედგა. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა წევრ ქვეყნებს შორის ყოველ 6 თვეში იცვლება.

ფორმალურ შეთანხმებას მომდევნო ეტაპზე ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის მიერ დამტკიცება და ევროპარლამენტის მიერ რატიფიცირება სჭირდება.

"ნამდვილად ისტორიული დღეა. ეს ალბათ ამ მანდატის ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო შეთანხმებაა, რომელიც 10 წლის განმავლობაში მზადდებოდა. ეს არ იყო მარტივი. ჩვენ გამოწვევებს წინ აღვუდექით და დავატკიცეთ, რომ ევროპას შეუძლია ისეთი საკითხების მოგვარება, რომლებიც მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის". - თქვა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.

კომენტარები