აშშ-ს 2024 წლის არჩევნები

კოლორადოს სასამართლომ შტატში ტრამპს 2024-ის საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა

დონალდ ტრამპი 2021 წლის 6 იანვრის დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს

კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ საკუთარ შტატში დონალდ ტრამპს აუკრძალა მონაწილეობის მიღება 2024 წლის საპრეზიდენტო პრაიმერიზში, მას შემდეგ, რაც დაადგინეს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ჩართული იყო 2021 წლის 6 იანვრის დაუმორჩილებლობაში, როცა მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუნში შეიჭრნენ.

კოლორადოს უზენაეს სასამართლოში 4-მა მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგი იყო. ყველა მოსამართლე დანიშნულია დემოკრატი გუბერნატორების მიერ. 

ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რადგან პირველი შემთხვევაა, როცა გამოყენებულ იქნა 1868 წლის კონსტიტუციური შესწორება, რომელიც მეამბოხე პირს თანამდებობის დაკავებას უკრძალავს. იგივე საკითხი სხვა შტატებშიც განიხილება. 1868 წელს აშშ-ში მიიღეს კონსტიტუციის შესწორება, რომელიც ამბოხებული პირის მიერ თანამდებობის დაკავებას ზღუდავს. ამით კონფედერაციის წარმომადგენლებისთვის სამოქალაქო ომის შემდეგ ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობას ზღუდავდნენ.

თუ სხვა შტატებშიც ამავე გადაწყვეტილებამდე მივლენ, ტრამპი დაკარგავს შესაძლებლობებს, რომ ნოემბერში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს.

გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ აშშ-ს უზენაეს სასამართლოში, შესაბამისად, ამ ორგანოს მოსამართლეებზე იქნება დამოკიდებული, დატოვებენ თუ არა კოლორადოელი მოსამართლეების განაჩენს ძალაში. როგორც გამოცემა The Washington Post-ი უსვამს ხაზს, კონსტიტუციის მკვლევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ 6 იანვრის კაპიტოლიუმზე თავდასხმის ამბოხებად კვალიფიცირება და ტრამპის პრაიმერიზზე არდაშვება მხოლოდ ქვეყნის უზენაეს სასამართლოს შეუძლია.

"სასამართლოს უმრავლესობა ადგენს, რომ პრეზიდენტი ტრამპი დისკვალიფიცირებულია დაიკავოს პრეზიდენტის თანამდებობა შეერთებული შტატების კონსტიტუციის მე-14 შესწორების მე-3 მუხლის შესაბამისად. რადგანაც ის დისკვალიფიცირებულია, საარჩევნო კანონის მიხედვით, კოლორადოს შტატის მდივნის მიერ საპრეზიდენო პრაიმერიზის კენჭისყრაზე მისი სიაში შეყვანა კანონდარღვევა იქნება". - ნათქვამია კოლორადოს უზენაესი სასამართლოს განაჩენში.

კოლორადოს სასამართლომ გადაწყვეტილების მოქმედებება შეაჩერა 4 იანვრამდე, ან მანამდე, სანამ აშშ-ს უზენაესი სასამართლო საქმეზე საკუთარ განაჩენს არ გამოიტანს. სწორედ ამიტომ, კოლორადოელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ეს საკითხი 5 იანვრისთვის მოგვარებული უნდა იყოს, რადგან ეს არის შტატის ბოლო ვადა საპრეზიდენტო პრაიმერიზის ბიულეტენების დასაბეჭდად.

ტრამპის კამპანიის სპიკერმა, სტივენ ჩეუნგმა გადაწყვეტილებას "აბსოლუტურად გაუმართავი" უწოდა და თქვა, რომ აშშ-ს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ უზენაესი სასამართლო ჩვენს სასარგებლოდ გამოიტანს განაჩენს და საბოლოოდ მოუღებს ბოლოს ამ არაამერიკულ საქმეებს". - თქვა ტრამპის კამპანიის სპიკერმა.

2020 წელს ტრამპი კოლორადოში 13%-ით დამარცხდა და საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად ამ შტატში მოგება არ სჭირდება, თუმცა მისთვის საფრთხეს წარმოადგენს შესაძლებლობა, რომ სხვა შტატების უზენაესმა სასამართლოებმაც იგივე გადაწყვეტილება მიიღონ.

კომენტარები