ბუნებრივი კატასტროფა

ამერიკაში ცოცხალი იპოვეს ოთხი თვის ჩვილი, რომელიც ტორნადომ აიტაცა

ოთხი თვის ლორდი, რომელიც ტენესის შტატში ტორნადოს გადაურჩა
Caitlyn Moore/Gofundme

აშშ-ს ტენესის შტატში ოთხი თვის ჩვილი აკვანში იწვა, რა დროსაც ტორნადომ იგი სახლთან ერთად აიტაცა.

მშობლების თქმით, იგი მალევე, თავსხმა წვიმაში, ჩამოვარდნილ ხეში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილი, მისი ერთი წლის ძმა და მშობლები მსუბუქი დაზიანებებით გადარჩნენ.

ჩვილის დედის, 22 წლის სიდნი მურის თქმით, ტორნადოს მოახლოებისას მათ გადასატან სახლს ჭერი აეხადა, რის შემდეგაც ტორნადომ პირველი რაც აიტაცა, ჩვილის აკვანი იყო.

ჩვილის მამამ აკვანი დაიჭირა, თუმცა საბოლოოდ ტორნადომ ორივე ერთად აიტაცა. ამ დროს, დედამ ერთი წლის შვილს გადაეფარა, რა დროსაც სახლის კედლები ჩამოინგრა და დედა-შვილი ნანგრევებში მოიყოლა.

ტორნადოს გადავლის შემდეგ მშობლებმა მაშინვე დაიწყეს ოთხი თვის ჩვილის, სახელად ლორდის, ძებნა, რომელიც ჩამოვარდნილ ხეში ცოცხალი იპოვეს.

სიდნი მურის დამ ოჯახის დასახმარებლად საქველმოქმედო საიტ GoFundMe-ზე კამპანია წამოიწყო, რადგან სტიქიის შედეგად მათი სახლი და მანქანა სრულად განადგურდა. ამ დროისთვის ოჯახის დასახმარებლად შემოსული თანხა $97 457-ს შეადგენს, რაც 1900-ზე მეტი ადამიანის ქველმოქმედებით გახდა შესაძლებელი.

კომენტარები