ბუნებრივი კატასტროფა

აშშ-ში, კენტუკიში ტორნადოს გამო დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა

Getty Images

აშშ-ს შტატში, კენტუკიში ტორნადოს გამო დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა. შტატის გუბერნატორის, ენდი ბეშერის თქმით, ეს შტატის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ტორნადო იყო და სავარაუდოდ, დაღუპულთა რიცხვი 100-ს გადააჭარბებს.

კიდევ 4 შტატში ბუნებრივ კატასტროფას 15 ადამიანი ემსხვერპლა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კენტუკიში ფედერალური კატასტროფა გამოაცხადა და ყველაზე დაზარალებული რეგიონებისთვის ფედერალური დახმარება ხელმისაწვდომი გახადა.

სამაშველო სამუშაოებში აშშ-ს ეროვნული გვარდიის 300 წევრი იღებს მონაწილეობას. გუბერნატორის თქმით, ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ გადარჩენილებს იპოვიან, თუმცა შაბათ დილის შემდეგ მაშველებს აღარავინ უპოვიათ.

გუბერნატორ ბეშერის თქმით, ტორნადომ 365 კილომეტრი დაფარა და თავის გზაზე ყველაფერი დააზიანა. განადგურებულია ათასობით ადამიანის საცხოვრებელი სახლები, ზარალის ზუსტი მოცულობა ჯერ დათვლილი არ არის.

წარსულში ყველაზე გრძელი მანძილი, რომელიც 1925 წელს ტორნადომ აშშ-ში დაფარა, 352 კილომეტრი იყო. მაშინ ბუნებრივმა კატასტროფამ 695 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ასეთი სიძლიერის ბუნებრივი კატასტროფები გაზაფხულსა და ზაფხულის გარდა წელიწადის სხვა დროს იშვიათობაა.

კომენტარები