საქართველო-გერმანია

გერმანიის შს მინისტრი მიგრაციაზე ხელშეკრულების ხელმოსაწერად ხვალ თბილისში ჩამოვა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნენსი ფეზერი
Henning Schacht

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ, 18 დეკემბერს შს მინისტრი ნენსი ფეზერი სპეციალურ წარმომადგენელ იოახიმ შტამპთან ერთად თბილისში ჩამოდის. ის აქ ქართველ კოლეგას, ვახტანგ გომელაურს შეხვდება, შემდეგ კი მხარეები მიგრაციის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.

"შეთანხმებით ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ უკვე კარგ თანამშრომლობას იმ ადამიანების დაბრუნებაში, რომლებიც ვალდებულნი არიან დატოვონ ქვეყანა. ეს არის შემდგომი ნაბიჯი არალეგალური მიგრაციის ეფექტიანად შეზღუდვისკენ". - თქვა ფეზერმა თბილისში გამომგზავრებამდე.

გერმანიის შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული ხელშეკრულება ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მომავალში არალეგალური მიგრაციის მუდმივ შემცირებას ისახავს მიზნად. უწყების ინფორმაციით, ამ კუთხით საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ 2023 წლის იანვრიდან ნოემბრამდე მათ შორის, ვისაც თავშესაფარზე უარი უთხრეს, 15.6% საქართველოდან და მოლდოვიდან იყო. მათივე ინფორმაციით, მსგავსი ხელშეკრულების დადებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოლდოვის რესპუბლიკასთან, კენიასთან, კოლუმბიასთან, უზბეკეთთან, ყირგიზეთთან და მაროკოსთანაც.

ამასთან, გერმანული უწყების ცნობით, ხელშეკრულებით გერმანიაში სეზონურად დასაქმების მსურველებისთვის ახალი პერსპექტივები იქმნება.

"გერმანიის შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობები სპეციალურად ფართოვდება, რათა ხელი შეუწყოს მესამე ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების არასტაბილური სამუშაო ურთიერთობებიდან გასვლას. ამ მიზნით საქართველოსთან შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით ორმხრივი ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნება". - აღნიშნულია გერმანიის შსს-ს განცხადებაში. აქვე მითითებულია, რომ ქვეყნებს შორის გაძლიერდება თანამშრომლობა საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების გაფართოებისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ, 16 ნოემბერს გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადა.

კანონმდებლების განმარტებით, ეს ნაბიჯი მიზნად ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი რაოდენობის შემცირებას ისახავს. უსაფრთხო ქვეყნად კლასიფიცირება ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეების აპლიკაციები თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ უფრო სწრაფად განიხილება, რაც შესაძლებელს გახდის დეპორტაციის პროცესის დაჩქარებას. უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მთავარი კრიტერიუმი კი პოლიტიკური დევნის საფრთხის  არარსებობაა.

ამასთან, დღეს, 17 დეკემბერს გამოქვეყნებული ინტერვიუს თანახმად, გერმანელი კანონმდებელი, იენს შპანი გამოვიდა ინიციატივით, რომ ყველა ახალი ლტოლვილი, "რომელიც ევროკავშირში არალეგალურად ხვდება", გააგზავნონ განაში, რუანდაში, ან აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან - საქართველოსა და მოლდოვაში.

მესამე ქვეყანაში მიგრანტების გაგზავნის წინადადება გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) მიერ 11 დეკემბერს წარდგენილი ახალი პოლიტიკური პროგრამის პროექტში მიგრაციის კონცეფციის საფუძველია. შპანის განმარტებით, მიზანია მესამე ქვეყნებთან "შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ლტოლვილები გაივლიან თავშესაფრის მიღების პროცედურებს და შეეძლებათ იქ უსაფრთხოდ დარჩენა, თუ მათ დაცვას მიანიჭებენ".

გერმანიასთან ხელმოსაწერ მიგრაციის ხელშეკრულებაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა. უწყებისგან ველოდებით პასუხს კითხვაზეც, არის თუ არა ხელშეკრულებაში რაიმე ფორმით ჩადებული გერმანიიდან არალეგალი მიგრანტების გადაყვანა საქართველოში, როგორც უსაფრთხო მესამე ქვეყანაში.

ამასთან, ტაბულამ საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიმართა კითხვით, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები გერმანიიდან საქართველოში არალეგალი მიგრანტების ჩამოყვანასა და მათთვის თავშესაფრის მიცემაზე.

ორივე უწყებისგან პასუხების მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

აღსანიშნავია, რომ გერმანია არაა ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელიც არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით მსგავსი პოლიტიკის მომხრეა. 31 მაისს Politico წერდა, რომ დიდი ბრიტანეთი მოლდოველი მიგრანტების დაბრუნების ახალ სქემაზე კიშინიოვთან მოლაპარაკებებს იწყებდა. გამოცემის ინფორმაციითვე, სუნაკს უნდა გამოეცხადებინა საქართველოსთან მსგავსი შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებითაც.

ამასთან, გაერთიანებულ სამეფოში აქტიურად მიმდინარეობს ე.წ. რუანდის კანონპროექტის განხილვაც, რომლის ძალაში შესვლის შემთხვევაშიც, ქვეყანაში არალეგალური გზით შესულ თავშესაფრის მაძიებლებს რუანდაში გაგზავნიან. კანონპროექტს 12 დეკემბერს პირველი მოსმენით პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა.

"ბრიტანელებმა უნდა გადაწყვიტონ ვინ მოვა ამ ქვეყანაში - არა კრიმინალურმა ბანდებმა ან უცხოურმა სასამართლოებმა. ეს არის ის, რასაც ეს კანონპროექტი მოგვცემს. ჩვენ ახლა ვიმუშავებთ, რომ ის კანონად ვაქციოთ, რათა რუანდისკენ ფრენები დაიწყოს და ნავების მოძრაობა შეჩერდეს". - დაწერა პარლამენტში გამართულ კენჭისყრასთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა.

კომენტარები