საქართველო-რუსეთი

გალუზინი: რეგიონის პრობლემებში არარეგიონელების ჩართვა უარეს შემთხვევაში კატასტროფას იწვევს

მიხაილ გალუზინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი იმეორებს, რომ საქართველოსთვის 3+3 ფორმატის კარი ღია რჩება და მისი თქმით, რეგიონულ საკითხებში არარეგიონული მხარეების ჩართვა "ყველაზე ცუდ შემთხვევაში სერიოზულ კატასტროფებს" იწვევს.

"პირველ რიგში, ჩვენი ქართველი მეზობლებისთვის 3+3 ფორმატის კარი მუდამ ღიაა. როცა და თუ იგრძნობენ მზადყოფნას ამ ფორმატში მონაწილეობისთვის, ყველა სხვა 5 ქვეყანა, დარწმუნებული ვარ, ამას მიესალმება". – თქვა გალუზინმა.

გალუზინმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთის ანტიპათიას დასავლეთთან მიმართებაში.

"ფაქტები და ისტორია, ჩვენი დღევანდელი რეალობის ფაქტები... აჩვენებს, რომ რეგიონულ ქვეყნებზე უკეთ რეგიონულ პრობლემებს ვერავინ გადაჭრის... არარეგიონელების ჩართვის ყველა მცდელობა... როგორც წესი, საუკეთესო შემთხვევაში არაფრით სრულდება, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კისერიოზული კატასტროფით, რასაც გლობალური განზომილება გააჩნია". – დაამატა გალუზინმა.


2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის, იგივე ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნის იდეა. ეს გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. 

3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა და მას ქართული მხარე არ დასწრებია. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას თბილისის დელეგაცია არ დაესწრო, მხარეების სხდომის ოთახში აღმართული იყო საქართველოს დროშაც, რაც დაგმო საქართველოს საგარეო უწყებამ. 

პირველი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 3+3 პლატფორმაში საქართველოსთვის კარი ღია რჩება.

რუსეთის საგარეო უწყების მაღალჩინოსნები პერიოდულად იმეორებენ, რომ ამ ფორმატის ფარგლებში საქართველოს კარი ღიაა. მომდევნო შეხვედრის ჩატარება 2024 წელს, თურქეთში იგეგმება.

კომენტარები