საქართველო-რუსეთი

მედია: იანვრიდან რუსეთის ბაშკირეთიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისები შესრულდება

რუსული მედია РБК წერს, რომ 2024 წლის იანვრიდან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების ახალი მიმართულება დაემატება. ამჯერად პირდაპირი ფრენები შესრულდება ბაშკირეთის უფის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით.

როგორც მედია წერს, ფრენებს კომპანია Азимут-ი კვირაში ერთხელ, თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100-ით შეასრულებს. ამის შესახებ РБК-ს უფის საერთაშორისო აეროპორტში შეატყობინეს.

მედია აღნიშნავს, რომ რამდენიმე წლის წინ პირდაპირი რეისები სრულდებოდა ბაშკირეთიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით და ეს უფა-თბილისის პირველი ფრენები იქნება. პირველი თვითმფრინავი ფრენას 26 იანვარს შეასრულებს.

РБК-ს ავიაკომპანია Азимут-ის დირექტორთა საბჭოს წევრი ჯერ კიდევ ივნისში ეუბნებოდა, რომ შესაძლოა უფიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაემატებინათ.

Азимут-მა, რომელიც უკრაინის მიერაა სანქცირებული, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულება 17 მაისიდან დაიწყო.

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოუხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

კომენტარები