ოკუპირებული ტერიტორიები

რომ შეგვეძლოს, ოკუპირებულ ტერიტორიებს, ალბათ, ძალით დავიბრუნებდით – დავითულიანი

ბექა დავითულიანი
ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მილიციის მიერ ცემით მოკლული საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ ოკუპაცია სამწუხარო რეალობაა და დღეს საქართველოს არ აქვს ძალისმიერი მეთოდებით ტერიტორიების დაბრუნების ძალა.

"ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ჩვენი ქვეყნის ძირძველი ტერიტორიები. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ გვაქვს იმისი ძალა, რომ ეს ტერიტორიები დღეს, აი ეხლა, დაუყოვნებლივ დავიბრუნოთ ძალისმიერი მეთოდებით. რომ გვქონდეს, აუცილებლად ესე მოვიქცეოდით, ალბათ". - თქვა დავითულიანმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში დავითულიანი გამოეხმაურა თემურ ალასანიას კომენტარს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებითაა შესაძლებელი და თქვა, რომ "როდესაც აფხაზებსა და ოსებზე ვსაუბრობთ, ეს იმდენად სენსიტიური თემაა, რომ ჩემი აზრით, ყველამ უნდა დააძალოს თავის თავს, რომ ცოტა მეტი იფიქროს, სანამ ასეთ მკვახე ან მძიმე განცხადებებს გააკეთებენ".

"თან ერთი მხრივ ამტკიცებენ - "არა, რა სისულელეა, ომი ვის უნდოდა", მეორე მხრივ დგანან და ამბობენ, ომის გარეშე ვერ დავიბრუნებთო ამბობენ. იქით მხარეს ხალხი გვისმენს. ყოველი ასეთი სულელური, უპასუხისმგებლოდ გაკეთებული განცხადება აღქმული არის ძალიან მწვავედ, იმიტომ რომ იქ არავინ იცის, რომ თემურ ალასანიას საბედნიეროდ არავინ არაფერს ეკითხება ამ ქვეყანაში". - ამბობდა დავითულიანი სახელისუფლებო არხის, იმედის ცნობით.


უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად ქართულმა ოცნებამ აქტიურად დაიწყო ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების დადანაშაულება საქართველოს ომში ჩათრევისა და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებთან დაკავშირებით. ქართული ოცნების მიერ წამოწყებული პროპაგანდისტული კამპანია ერთი-ერთში იმეორებდა რუსი მაღალჩინოსნებისა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოსკოვის მიერ დასმული მარიონეტების რიტორიკას.

აღნიშნულ ბრალდებებს გამოეხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტი და დასავლელი პარტნიორებიც. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ "ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, ვართ ქვეყანა, სადაც არავინ არ ამზადებს მეორე ფრონტს და ეს არის საერთო თემა ხელისუფლების, არძინბასი და ლავროვის, სიმონიანის". ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებმა კი პროპაგანდას სრული სიცრუე უწოდეს.

კომენტარები