საქართველო-ევროკავშირი

ბორელი: "მეორე ფრონტზე" დეზინფორმაციის მიზანი საზოგადოების მოწამლვა და უნდობლობის გაზრდაა

საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი არხის ჟურნალისტმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოსეფ ბორელს დაუსვა კითხვა მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ ხშირად გაჟღერებულ რუსულ პროპაგანდაზე, რომლის მიხედვით დასავლეთს სურს საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის მეორე ფრონტის გახსნა. 

ბორელმა აღნიშნა, რომ რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი საზოგადოების გონების მოწამლვა და დასავლელი პარტნიორების მიმართ უნდობლობის გაზრდაა.

"ეს არის ხმაური, პროპაგანდა, დეზინფორმაცია. სიგიჟე იქნება ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მცდარი ხმები ვრცელდება, რადგან ეს ხალსი მოსაწამლად ხდება და უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში. რუსული პროპაგანდა ძალიან ინტენსიურია და ამ მიმართულებით მათ თავი გამოიჩინეს მსოფლიოში". – ამბობს ბორელი საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანზე დაყრდნობით.

ჟოსეფ ბორელი საქართველოში 7-8 სექტემბრის პერიოდში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რა დროსაც ის უკვე შეხვდა პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და ასევე დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პარლამენტის წევრებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

საქართველოში ვიზიტამდე ჟოზეფ ბორელმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობასა და გამოწვევებზე Civil.ge-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ბორელი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და რუსეთთან პირდაპირი ფრენები.

კომენტარები