ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

გაგლოევი: საქართველოში დესტრუქციულ ძალებს მეორე ფრონტის გახსნა სურთ

TASS

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტი ლიდერის, ალან გაგლოევის მტკიცებით, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, "დესტრუქციული ძალები" ცდილობენ, რომ საქართველომ ე.წ. "მეორე ფრონტი" გახსნას.

"[უკრაინაში] სპეცოპერაციის ჩატარების ფონზე, საქართველოს რესპუბლიკაში გააქტიურდნენ დესტრუქციული ძალები, რომლებიც უბიძგებენ მას "მეორე ფრონტის" გახსნისკენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ ზომები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გამყარებასა და რუსულ მხარესთან სამხედრო სფეროში ურთიერთმოქმედების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით". – თქვა გაგლოევმა.

გაგლოევის თქმით, საქართველოსთან ურთიერთობა საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის ჟენევის დისკუსიებში დამოკიდებული იქნება "დავის გადაწყვეტისთვის ძალის გამოუყენებლობის ურთიერთდამავალდებულებელი დოკუმენტის მიღებაზე".

ამას გარდა, გაგლოევმა აღნიშნა, რომ ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა რეჟიმმა სრულად დაუჭირა მხარი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლას და გამოთქვა იმედი, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთს მალე შეუერთდება.

ე.წ. "მეორე ფრონტის" პროპაგანდისტული ნარატივი, რომ დასავლეთს სურს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრიოს, უკვე არაერთხელ გააჟღერეს რუსმა მაღალჩინოსნებმა და ოკუპირებული რეგიონების მარიონეტმა ლიდერებმა. ამ ნარატივს იყენებს საქართველოს მმართველი პარტია ქართული ოცნებაც.

კომენტარები