არგენტინა

ხავიერ მილეიმ ინაუგურაციაზე წარმოთქმულ სიტყვაში გარდაუვალ ეკონომიკურ შოკზე ისაუბრა

არგენტინის პრეზიდენტის ხავიერ მილეის ინაუგურაციის ცერემონია
Agustin Marcarian/Reuters

10 დეკემბერს არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ხავიერ მილეის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. ლიბერტარიანელმა პრეზიდენტმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად ფისკალური შოკი გარდაუვალია.

"შოკთან მორგებას ალტერნატივა არ აქვს". - თქვა მილეიმ სიტყვით გამოსვლისას.

არგენტინის ეკონომიკა ჰიპერინფლაციისკენ მიემართება. მილეის თქმით, თუკი ასე გაგრძელდა, "ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 15 000%-ს მიაღწევს". არგენტინას $43 მილიარდის დეფიციტი, ასევე საერთაშორისო მონეტარული ფონდის $45 მილიარდის რაოდენობის ვალი აქვს, ხოლო ნოემბრის თვეში არგენტინის ინფლაცია 185% იყო.

"ყოფილმა მთავრობამ ჰიპერინფლაციისკენ მიმავალ გზაზე დაგვტოვა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამგვარი კატასტროფა თავიდან ავიცილოთ". - განაცხადა არგენტინის პრეზიდენტმა.


ხავიერ მილეი არგენტინაში ხისტი პოლიტიკის მომხრე პოლიტიკოსად ითვლება. ის არგენტინელ ხალხს დაჰპირდა, რომ ქვეყანაში მკაფიო ცვლილებებს მოახდენს და დაანგრევს ორთოდოქსულ ეკონომიკურ სისტემას. 

არგენტინაში ბოლო პერიოდში მთავარი პოლიტიკური საკითხი ეკონომიკური კრიზისია - დაფიქსირდა 143%-იანი ინფლაცია და სიღარიბის რეკორდული დონე. ხავიერ მილეის საარჩევნო კამპანიის მთავარი აქცენტები ეროვნული ბანკის დაშლა, ეკონომიკის დოლარზე მიბმა, სამინისტროების რაოდენობის განახევრება და სოციალური სუბსიდიების შეკვეცა იყო. 

კომენტარები