აშშ-ს შემდეგ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან (WHO) გამოსვლას არგენტინაც გეგმავს. ამის შესახებ განცხადება არგენტინის მთავრობამ გააკეთა.
არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეის პრესსპიკერის თქმით, ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზი "ჯანდაცვის მენეჯმენტის საკითხთან არსებული, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის პერიოდში, ღრმა განსხვავებები" გახდა.
ოფიციალურ განცხადებაში, არგენტინის საპრეზიდენტო ოფისი აღნიშნავს, რომ "WHO 1948 წელს გლობალური ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციებზე კოორდინირებისთვის შეიქმნა, თუმცა წარუმატებელი იყო ყველაზე დიდი გამოწვევის დროს: კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს მან მხარი დაუჭირა დაუსრულებელ კარანტინებს მეცნიერული საფუძვლის გარეშე".
განცხადებაში ასევე წერია, რომ "დღეს, მტკიცებულებები აჩვენებენ, რომ WHO-ს განკარგულებები არ მუშაობენ, ვინაიდან ისინი პოლიტიკური გავლენის შედეგები არიან, ვიდრე მეცნიერებაზე დაფუძნებული".
არგენტინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მილეი შესაბამის განკარგულებას ხელს უახლოეს დღეებში მოაწერს, რითაც ორგანიზაციიდან ქვეყნის გამოსვლის პროცესი დაიწყება.
ამასთან, პრეზიდენტის კიდევ ერთმა პრესსპიკერმა მანუელ ადორნიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ჩვენ, არგენტინელები, არ ვაპირებთ, საერთაშორისო ორგანოს უფლება მივცეთ, ჩაერიონ ჩვენს სუვერენიტეტში და მით უმეტეს, ჩვენს ჯანმრთელობაში".
პრესსპიკერის თქმით, WHO-დან გამოსვლა არგენტინას საშუალებას მისცემს, უფრო მოქნილი იყოს, რათა გაატაროს რეფორმები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებზე იქნებიან მორგებული. მისივე თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრობა არგენტინას ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი დოლარი უჯდება.
მანამდე, 20 იანვარს აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ამერიკამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) დატოვა, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი.
ტრამპმა WHO-დან გამოსვლის პროცესი პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს დაიწყო, რადგან მისი თქმით სააგენტომ სათანადოდ ვერ უპასუხა COVID-19-ს და არ აჩვენა, რომ ჩინეთისგან დამოუკიდებელია. თუმცა, ტრამპის მიერ გადადგმული ნაბიჯები ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკან წაიღო.
ტრამპის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში წერია, რომ აშშ-მ 2020-ში გასვლის შესახებ ცნობა გამოსცა, რადგან "ორგანიზაციამ COVID-19-ის პანდემიას... და სხვა გლობალურ ჯანმრთელობის კრიზისებს, არასწორად გაართვა თავი, გადაუდებლად საჭირო რეფორმები ვერ გაატარა, და ვერ შეძლო ეჩვენებინა დამოუკიდებლობა WHO-ს წევრი სახელმწიფოების უადგილო პოლიტიკური გავლენისგან".