ფულის გათეთრება

უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ერთი მლნ ლარის ეკვივალენტი გაათეთრეს - 2 პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, უწყებამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვიეტნამის მოქალაქემ და მისმა თანამზრახველმა, მათ ხელთ არსებული თანხები ეტაპობრივად განათავსეს საქართველოში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშებზე, რის  შემდეგაც თანხების ინვესტირება ძვირადღირებულ უძრავ ქონებებში მოახდინეს, კერძოდ: 2020-2021 წლების პერიოდში, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ორი  საცხოვრებელი ბინა,  ბათუმში - ასევე ორი საცხოვრებელი ბინა და სამი ავტოფარეხი, ხოლო ლანჩხუთში -  მიწის ნაკვეთი შეიძინეს.

აღნიშნულით, ბრალდებულებმა მოახერხეს ერთ მილიონამდე ლარის ეკვივალენტი უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა და ჩართვა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულების მიერ შეძენილ უძრავ ქონებებს ყადაღა დაადეს.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რასაც თან განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა.

დანაშაული 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები