რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტიხანოვსკაია აშშ-ს აფრთხილებს, რომ უკრაინის მიტოვებით აღმოსავლეთ ევროპას საფრთხე შეექმნება

სვეტლანა ტიხანოვსკაია
AFP

ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის დევნილი ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია აშშ-ს აფრთხილებს, რომ რუსეთთან და მის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ბრძოლაში უკრაინის მიტოვება მთელი აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს. ამის შესახებ მან CNN-ის ეროვნული უსაფრთხოების მთავარ ანალიტიკოსთა, ჯიმ სკიუტოსთან ინტერვიუში ისაუბრა.

"თავისუფალი, დამოუკიდებელი და უსაფრთხო უკრაინის გარეშე, არ იქნება უსაფრთხო ბელარუსი. მაგრამ ასევე პირიქით. თავისუფალი ბელარუსის გარეშე, ყველა ჩვენი მეზობელი მთელს რეგიონში მუდმივ საფრთხეში იქნება". - თქვა ტიხანოვსკაიამ.

ინტერვიუში ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, რომელიც მიმდინარე კვირაში ვაშინგტონს სტუმრობს, აშშ-ს არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ "ჩვენ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ გამარჯვებაში აშშ-ში მომდევნო არჩევნებამდე უნდა დავეხმაროთ".

ტიხანოვსკაიამ თავისი ქმრის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მისი ქმრის მდგომარეობის შესახებ კვლავ არაფერი იცის.

"ჩემი ქმრის შესახებ ამ წლის მარტიდან არაფერი მსმენია. ადვოკატს მასთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ, წერილებს არ აწვდიან. ასე რომ, დარწმუნებული არ ვარ, რომ ცოცხალია". - თქვა მან.

მიმდინარე წლის ივლისში ტიხანოვსკაიამ მიიღო ანონიმური შეტყობინება, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ მისი ქმარი, სერგეი ტიხანოვსკი, ციხეში დაიღუპა.

პოპულარული ბლოგერი და ოპოზიციონერი აქტივისტი, 44 წლის სერგეი ტიხანოვსკი ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ არჩევნებში მონაწილეობის მიღების გეგმის დაანონსების შემდეგ, 2020 წელს დააკავეს და 19 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დაკავების შემდეგ ტიხანოვსკის მაგივრად არჩევნებში მონაწილეობა მისმა ცოლმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მიიღო.

9 აგვისტოს გამართულ არჩევნებში ოფიციალური ინფორმაციით ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ტიხანოვსკაია არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებსაც ხელისუფლება ძალადობრივად ახშობდა. არჩევნების შემდეგ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობდა, რომ ბელარუსში მაშინ დაბრუნდება, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. ქვეყნის დატოვების შემდეგ ტიხანოვსკაია აქტიურად ხვდება სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს.

კომენტარები