რაფაილ შეპელევი

რაფაილ შეპელევი ნიჟნი-ტაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება

რაფაილ შეპელევი
Sova.news

რუსული უფლებადამცველთა ორგანიზაცია არტპოდგოტოვკას აქტივისტი რაფაილ შეპელევი, რომელიც საქართველოში გაუჩინარდა, რუსეთში ნიჟნი-ტაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორში იპოვეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას Первый отдел-ის ადვოკატები და უფლებადამცველები ავრცელებენ

"შეპელევი რუსეთის უშიშროების ძალების პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. თბილისიდან ცხინვალის რეგიონში გაიტყუეს, იქ დააკავეს, ვლადიკავკაზში გადაიყვანეს, ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, რა დროსაც ბრალი სისხლის სამართლის საქმეზე წარუდგინეს და შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიება, შემდეგ კი ნიჟნი-ტაგილის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს". - ნათქვამია განცხადებაში.

უფლებადამცველების ცნობით, შეპელევი ნიჟნი-ტაგილში გასულ კვირას ჩავიდა. შეპელევს ბრალად ედება "ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა", რაც 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, და "ტერორიზმის გამართლება", რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

გასულ თვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ შეპელევის შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა

"შეტყობინების მიღებისთანავე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ძებნის საქმის ფარგლებში სამართალდამცველების მიერ, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ჩატარდა გასაუბრებები ყველა იმ პირთან, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ასევე, დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელი კირბალის მიმართულებით გაემგზავრა.

გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ". - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 


თბილისში რუსული უფლებადამცველთა ორგანიზაცია არტპოდგოტოვკას აქტივისტი რაფაილ შეპელევი გაუჩინარდა

შეპელევის შვილი დანილა ამბობს, რომ აქტივისტი 12 ოქტომბერს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. შეპელევის პირადი ნივთები ოჯახის წევრებმა სახლში იპოვეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ შეპელევი ვლადიკავკაზის პოლიციამ 13 ოქტომბერს დააკავა. აქტივისტს სავარაუდოდ ტერორიზმში ედება ბრალი, ის ახლაც პატიმრობაში იმყოფება. 

შეპელევი საქართველოში 2021 წლიდან ცხოვრობდა. შვილის და ახლობლების თქმით, გამორიცხულია აქტივისტი რუსეთში საკუთარი ნებით წასულიყო.

კომენტარები