რაფაილ შეპელევი

შსს გაუჩინარებულ რუს აქტივისტზე: საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი

რაფაილ შეპელევი
Sova.news

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსი აქტივისტის რაფაილ შეპელევის გაუჩინარებას გამოეხმურა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რ.შ.-ს შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეტყობინების მიღებისთანავე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ძებნის საქმის ფარგლებში სამართალდამცველების მიერ, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ჩატარდა გასაუბრებები ყველა იმ პირთან, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ასევე, დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელი კირბალის მიმართულებით გაემგზავრა.

გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ".


თბილისში რუსული უფლებადამცველთა ორგანიზაცია არტპოდგოტოვკას აქტივისტი რაფაილ შეპელევი გაუჩინარდა

შეპელევის შვილი დანილა ამბობს აქტივისტი 12 ოქტომბერს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. შეპელევის პირადი ნივთები ოჯახის წევრებმა სახლში იპოვეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ შეპელევი ვლადიკავკაზის პოლიციამ 13 ოქტომბერს დააკავა. აქტივისტს სავარაუდოდ ტერორიზმში ედება ბრალი, ის ახლაც პატიმრობაში იმყოფება. 

შეპელევი საქართველოში 2021 წლიდან ცხოვრობდა. შვილის და ახლობლების თქმით გამორიცხულია აქტივისტი რუსეთში საკუთარი ნებით წასულიყო.

კომენტარები