ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ღაზის სექტორში 137 მძევალი რჩება – ისრაელი

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შენობის კედელზე ჰამასის მძევლების პოსტერებია გაკრული, თელ-ავივი, 2023 წლის 14 ოქტომბერი
Avshalom Sassoni/FLASH90

ისრაელის თქმით, 110 მძევლის გათავისუფლებუს შემდეგ, 137 ადამიანი ჯერ კიდევ ღაზის სექტორში, ჰამასის ტყვეობაში რჩება.

ისრაელის მთავრობის წარმომადგენლის, ეილონ ლევის თქმით, 1 დეკემბერს ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმების დასრულების შემდეგ, ღაზაში დარჩენილ მძევლებს შორის 115 კაცი, 20 ქალი და 2 ბავშვია.

მისივე თქმით, 137 ადამიანიდან ათი 75 წელს გადაცილებულია. მძველებს შორის 126 ისრაელის, 11 კი უცხოეთის, მათ შორის 8 ტაილანდის მოქალაქეა.

ლევიმ მძევლებს შორის დაასახელა ყველაზე მცირეწლოვანიც, 10 თვის კფირ ბიბასი. აღსანიშნავია, რომ ჰამასის მტკიცებით, კფირი დედასთან და 4 წლის ძმასთან ერთად მოკლეს.

მთავრობის წარმომადგენლის თქმით, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ შვიდი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

ჰამასმა ისრაელს დღეს, 1 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 7 საათისთვის გასათავისუფლებელი მძევლების სია არ მიაწოდა. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ დაჯგუფებამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და ამას გარდა ისრაელის მიმართულებით რაკეტებიც გაუშვა, რის გამოც ჰამასის წინააღმდეგ მოქმედებები განაახლეს.

კომენტარები