დაპირისპირება ენმ-ში

თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრები თავმჯდომარის პოზიციის გაუქმებას მოითხოვენ

ლევან ხაბეიშვილი
ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

თბილისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები პარტიის თავმჯდომარის პოზიციის გაუქმებასა და დროებითი მმართველი ორგანოს შექმნას მოითხოვენ.

"თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წევრები მივიჩნევთ, რომ:

პარტიის არსებული მენეჯმენტი, დღიდან არჩევისა, გამოხატავს და ქმედებებით ამტკიცებს, რომ ის არ არის ორიენტირებული პარტიის ერთობაზე, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის არსებობასა და პარტიის შიგნით, განსხვავებული აზრისა და დისკუსიის შენარჩუნებაზე.

პრობლემა სათავეს თავმჯდომარის არჩევიდან მეხუთე დღეს მიღებული გადაწყვეტილებიდან იღებს, პოლიტსაბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებით, რაც თვეების განმავლობაში, მენეჯმენტისა და თავმჯდომარის ქმედებებითა თუ რიტორიკით, გადაიზარდა მწვავე კრიზისში, რომელიც არა თუ გვარდება, აღიარებულიც არ არის და ღრმავდება.

დღეს, უკვე, კრიზისის დაყვანა პოლიტსაბჭოს წევრობა/არ წევრობამდე, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემიდან გაქცევაა და არა მისი აღიარება და მოგვარებაზე ზრუნვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიზისმა პარტიის ყველა რგოლი მოიცვა, რასაც ნათლად ხედავს ამომრჩეველი და ამას საჯაროდ აფიქსირებენ პარტიის მაღალი თანამდებობის პირები.

ეს პარტია იმსახურებს ბევრად მეტს, ვიდრე ახლა ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველსა და საზოგადოებას.

ხალხის მოთხოვნა არის ერთობა და მართვის დემოკრატიული პრინციპები. ჩვენ, საკუთარი პარტიის მაგალითზე, საზოგადოებას უნდა ვანახოთ, რომ პარტიას სახელმწიფოს მართვის სადავეებთან მოსვლის შემთხვევაში შეუძლია იყოს ყველას წარმომადგენელი და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის.

უსამართლოდ დანიშნული პოლიტსაბჭოს გაფართოებით უსამართლობა მხოლოდ ფართოვდება, პრობლემის მოგვარების ნაცვლად.

ერთი ნიკა მელიას, ან თუნდაც რამდენიმე ადამიანის პარტიიდან გარიცხულად გამოცხადებით, ნუ გგონიათ რომ მხოლოდ მათ რიცხავთ, ამით პარტიის მიღმა ასობით პარტიის წევრსა და ათასობით მხარდამჭერს ტოვებთ.

იმისთვის, რომ დისკუსიისათვის გაჩნდეს სივრცე, არსებობდეს ერთობის შანსი და პარტია გამოუსწორებელ შედეგებამდე არ მივიდეს, რღვევისა და დაშლის ფონზე არ შეხვდეს 2024 წლის არჩევნებს,

ვითხოვთ, პარტიის მენეჯმენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, გადამწყვეტ არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია და პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო". - წერია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ ნინო კვიტაიშვილი, ანა გოგოლაძე, მამუკა გუგეშაშვილი, გიორგი ონიანი, ზვიად კუპრავა და თორნიკე ბიკაშვილი. 

ლევან ხაბეიშვილის გადადგომა და ყრილობის მოწვევა ზუგდიდის, ხობის, ჭიათურის, მცხეთის, ქუთაისის, ფოთის, ამბროლაურის, ცაგერის, კასპის, თერჯოლისა და ახალციხის საკრებულოებში ენმ-ის ფრაქციის მოქმედმა და ყოფილმა წევრებმაც მოითხოვეს. ასევე, თბილისის რაიონული ორგანიზაციების მოქმედმა და ყოფილმა წევრებმა.

თავმჯდომარის გადადგომის შესახებ მოწოდებებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ბეჟაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ ენმ-ში არჩევნები ჩატარდება გათვალისწინებული ვადით - 2025 წელს. მან "ნიკა მელიას შტაბს" მოუწოდა, შეწყვიტოს "აღვირახსნილი კამპანია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ".

29 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა გაითვალისწინეს და პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს.

"დღეს, 16:00 საათზე მე ამ კონკრეტული ინიციატივით ენმ-ს პოლიტსაბჭოს მივმართავ [...] 16:00 საათის შემდეგ, როცა პოლიტსაბჭო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, საზოგადოებას ინფორმაცია ექნება იმ ადამიანების შესახებ, ვინც მანიფესტს უერთდება და შესაბამისად, ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი იქნება [...] ყველა ის ადამიანი, ვინც ყოფილი პოლიტსაბჭოს წევრი იყო და მიხეილ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს შეუერთდება - გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ ეს პირები ისევ პოლიტსაბჭოში იყვნენ და ნაციონალური მოძრაობა წარმოადგინონ". - თქვა ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

20 ნოემბერს საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს თქვა, რომ პარტიამ პოლიტსაბჭოდან არაერთი ადამიანის გაშვება იჩქარა. 

"მე მინდა, ამ ადამიანებს მოვუწოდო, დაბრუნდნენ პოლიტსაბჭოში კოჰაბიტაციის გზით, ჩავკიდოთ ისევ ერთმანეთს ხელი, ჩავერთოთ გადაწყვეტილების მიღებაში, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და მე ვარ გარანტი იმისა, რომ თქვენ იქნებით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და ინიციატივის ნაწილი, იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივი გზით შევძლოთ წინ წასვლა". - განაცხადა სააკაშვილმა.


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარის “ფლანგებს” შორის ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ, ენმ-მ დაწერა, რომ ნიკა მელია პარტიას აღარ წარმოადგენს და ეს საკითხი დახურულია. მიუხედავად იმისა, რომ ენმ-ის დატოვებაზე ნიკა მელიას საჯარო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია, პარტიაში ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილება თავად მელიამ მიიღო.

“მიუხედავად ჩვენი მრავალთვიანი მცდელობისა, რომ ყოფილი თავმჯდომარე დაბრუნებოდა პარტიას, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ, თავად აცხადებს, რომ ის “არ არის ნაციონალურ მოძრაობაში“. ფაქტია - ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში. ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას” - წერს ენმ. 

პარტიამდე იგივე განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა TV ფორმულას ეთერში გააკეთა. მისი მტკიცებით, ნიკა მელია "არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და ვერ ილაპარაკებს ნაციონალური მოძრაობის სახელით". Მისივე თქმით, “მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია, ეს გადაწყვიტა მან, რომ ის არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი".

რამდენიმე კვირის წინ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ყველა წევრს და მხარდამჭერს შესთავაზა, ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავამდე შეემუშავებინათ მანიფესტი, რომელსაც ერთობლივად მოაწერდნენ ხელს. მისი თქმით, მანიფესტში სხვა საკითხებთან ერთად უნდა ყოფილიყო პარტიული ერთიანობის შეთანხმებაც.

“თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა. ჩვენ კი შევძლებთ მომავალზე სრულად კონცენტრირებას. ეს მანიფესტი უნდა იყოს ჩვენი ერთიანობის და განახლების უნარის პრეზენტაცია” - წერდა სააკაშვილი.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 11-პუნქტიანი მანიფესტი 22 ნოემბერს გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პარტიის პრინციპებთან, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიასთან ერთად, "მანიფესტი პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა, რაც უნდა იქცეს თანმიმდევრული და პროგრესული  შიდადემოკრატიული პროცესების ხელშემწყობ ინსტრუმენტად".

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ე.წ ნიკა მელიას ფლანგს მანიფესტისთვის ხელი არ მოუწერია. ბაჩო დოლიძის თქმით, ინდივიდუალურად გადაწყვეტდნენ, ვინ მოაწერდა ხელს "ერთიანობის დოკუმენტს" და ვინ არა. Მისივე შეფასებით, მანიფესტი არ ასახავს არსებულ რეალობას"

“ვინც არ მოაწერს ხელს, როგორ ფიქრობთ, ამდენი ადამიანი იქნება გარიცხული პარტიიდან? აქ ხომ ათი ათასობით ადამიანზეა საუბარი?" - თქვა დოლიძემ.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, პარტიის წევრების ნაწილი პოლიტსაბჭოდან ჩახსნეს და არც ახალ პოლიტსაბჭოში შეიყვანეს. მათ შორის, ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ენმ-ის რამდენიმე წევრმა კი, ახალი პოლიტსაბჭო თავად დატოვა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს და თავმჯდომარის “ლეგიტიმურობაზე” მიხეილ სააკაშვილი იქამდეც საუბრობდა და “კატეგორიულად ვერ იზიარებდა ზოგიერთ მოსაზრებას”, რომ ლევან ხაბეიშვილს, პეტრე ცისკარიშვილს და პარტიის პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობა აქვს.

ამასთან, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 3 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე, სადაც დისტანციურად ჩაერთო, თქვა, რომ "პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ".

სააკაშვილის განცხადებას ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ იმავე დღეს უპასუხა და დაწერა, რომ "თქვა და გააკეთე, არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ".

კომენტარები