ეროვნული ბანკი

სებ-ის ვიცეპრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა გახდნენ

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა გახდნენ. ინფორმაციას სებ-ი ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციით, 2021 წელს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად მიქაბაძისა და გალდავას კანდიდატურებს პარლამენტმა 7 წლის ვადით დაუჭირა მხარი. 

"საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობამდე ეკატერინე მიქაბაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ის ეკონომიკური ანალიზისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებას უძღვებოდა. მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებას ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. მანამდე კი, მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტში. მუშაობდა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში.

ეკატერინე გალდავას მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და მონეტარული ოპერაციების დეპარტამენტში, იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი. ასევე, მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის საქართველოს ოფისში. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობამდე ეკატერინე გალდავას სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციაში მაღალი პოზიციები ეკავა". - ნათქვამია ეროვნული ბანკის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, სებ-ი აღნიშნავს, რომ ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭო 6 წევრისგან შედგება. ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს ეროვნული ბანკის საბჭო. საბჭოს წევრებს კი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7-წლიანი ვადით ირჩევს.

მას შემდეგ, რაც აშშ-მ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა და ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა, 20 სექტემბერს სებ-ის მაშინდელმა ვიცეპრეზიდენტებმა, ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ თანამდებობები დატოვეს. სებ-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემაც.

ეროვნული ბანკი მოგვიანებით დატოვა ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმა და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ქუსიკაშვილმა.

კომენტარები