ეროვნული ბანკი

არ წარმოადგენენ ჩვენს მიერ რეგულირებულ სუბიექტებს - სებ დასანქცირებულ კომპანიებზე

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, სამი ქართული კომპანია, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა, არ არიან სებ-ის მიერ რეგულირებული სუბიექტები.

"სანქცირებული კომპანიები მოქმედებენ რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად, არც ერთი მათგანი არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი, ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, უნებართვო საქმიანობის იდენტიფიცირების შემთხვევაში მჭიდროდ თანამშრომლობს სამართალდამცავ სტრუქტურებთან.

ამ შემთხვევაშიც, რეგისტრაციის გარეშე მოქმედი სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთანავე, სებ-მა კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2025 წლის სექტემბერში მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცავ სტრუქტურებს და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება და ზოგიერთ შემთხვევაში დამდგარია შესაბამისი პასუხისმგებლობაც.

საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია FATF-ის სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება, რომლის თანახმადაც, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით საქართველოს რეიტინგი შეადგენს "largely compliant"-ს. აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად, დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს." - წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ცნობისთვის, სანქციების ახალი პაკეტის მიზანია მოსკოვის მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული კრიპტოვალუტის ქსელებისა და ჩრდილოვანი ფინანსური სისტემების შეზღუდვა.

სანქცირებულ ქართულ კომპანიებში შედიან:

  • AIFORY LLC - ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ეს კომპანია ჩართულია ან ჩართული იყო რუსეთის მთავრობისთვის ფინანსური სერვისების გაწევასა და ფინანსურ სერვისთა სექტორის საქმიანობაში დახმარებაში, რისი მეშვეობითაც თავად სარგებელს ღებულობდნენ. კომპანია დარეგისტრირებულია თბილისის თავისუფალ სამრეწველო ზონაში, ომარ ხიზანიშვილის 264 ნომერზე. შეიზღუდება ამ კომპანიასთან საბანკო ურთიერთობები და გადახდების დამუშავება. ბიზნეს რეესტრის მიხედვით, კომპანია 2023 წლის 23 ივნისს გიორგი ნუცუბიძემ დაარეგისტრირა. 
  • ARVIX LLC - ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, კომპანია სავარაუდოდ ჩართული იყო რუსეთის მავრობისთვის ფინანსური სერვისების გაწევით და დაკავშირებული იყო რუსულ კრიპტოვალუტის ბირჟებთან: Garantex-თან და Grinex-თან. Arvix LLC რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, რაზეც Aifory LLC. კომპანიას ინტერნეტმომსახურების შეზღუდვები შეეხება. კომპანია რეგისტრირებულია 2023 წლის 26 ოქტომბერს დავით ნუცუბიძის მიერ.
  • RAPIRA GROUP LLC - ბრიტანეთის მთავრობის ბრალდების მიხედვით, ეს კომპანია ასევე ფინანსური სერვისების სახით ეხმარებოდა რუსეთის მთავრობას და ძირს უთხრიდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. კომპანია რეგისტრირებულია ქუთაისში, ავტომშენებლის 88-ზე ილიას აჰაევი მიერ. შეიზღუდება ამ კომპანიასთან საბანკო ურთიერთობები და გადახდების დამუშავება.

კომენტარები