რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არახამია: რუსეთი მზად იყო ომი დაესრულებინა, თუ NATO-ზე უარს ვიტყოდით

დავით არახამია

უკრაინის მმართველი ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ თქვა, რომ 2022 წელს ბელარუსსა და თურქეთში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს რუსეთი უკრაინას NATO-ზე უარის თქმისა და ნეიტრალიტეტის გამოცხადების სანაცვლოდ ომის დასრულებას სთავაზობდა.

ამის შესახებ არახამიამ, რომელიც რუსეთთან გამართულ მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, 1+1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ისინი თითქმის ბოლომდე იმედოვნებდნენ, რომ ზეწოლას მოახდენდნენ შეთანხმების ხელმოწერამდე, რომ ჩვენ ნეიტრალიტეტს დავთანხმებოდით. ეს მათთვის უდიდესი საქმე იყო. მზად იყვნენ ომი დაემთავრებინათ თუ, როგორც ოდესღაც ფინეთი, ჩვენც დავთანხმდებოდით ნეიტრალიტეტს და ავიღებდით ვალდებულებას, რომ NATO-ში არ შევიდოდით. ფაქტობრივად, ეს მთავარი პუნქტი იყო. ყველაფერი დანარჩენი კოსმეტიკური და პოლიტიკური "დანამატები" დენაციფიკაციაზე, რუსულენოვან მოსახლეობაზე და ა.შ.". – თქვა არახამიამ.

არახამიამ შეთავაზებაზე უარი ახსნა იმით, რომ NATO-სკენ სწრაფვა უკრაინის კონსტიტუციაშია გაწერილი და, ამას გარდა, რუსეთს არ ენდობოდნენ.

"პირველ რიგში, ამ პუნქტზე რომ დავთანხმებულიყავით, უნდა შეგვეცვალა კონსტიტუცია. ჩვენი გზა NATO-სკენ კონსტიტუციაშია გაწერილი. მეორეც, არ არსებობს და არ არსებულია ნდობა რუსების მიმართ, რომ ისინი ამას შეასრულებდნენ. ამის გაკეთება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იარსებებდა უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ ხომ არ შეგვეძლო რამეზე ხელი მოგვეწერა, გავსულიყავით, ყველა დაისვენებდა, შემდეგ კი ისინი შემოვიდოდნენ უფრო მომზადებულები, რადგან, სინამდვილეში, ისინი ისე შემოიჭრნენ, რომ ასეთი წინააღმდეგობისთვის მზად არ იყვნენ". – აღნიშნა არახამიამ.

არახამიამ დაამატა, რომ, როდესაც სტამბულის მოლაპარაკებებიდან დაბრუნდნენ, კიევს დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ეწვია და ურჩია, რომ ხელი არაფერზე მოეწერათ და "უბრალოდ ებრძოლათ". მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა მოლაპარაკებების შესახებ იცოდნენ და ნანახი ჰქონდათ შეთანხმებების შავი ვერსიები, თუმცა ისინი გადაწყვეტილებას უკრაინის ნაცვლად არ იღებდნენ და მათ მხოლოდ რჩევების მიცემა შეეძლოთ.

"მათ ფაქტობრივად გვირჩიეს, რომ არ დავთანხმებოდით უსაფრთხოების ეფემერულ გარანტიებს, რომელთა მიცემაც მაშინ საერთოდ შეუძლებელი იყო". – თქვა არახამიამ.

უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლებიც სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში მიმდინარეობდა, მას შემდეგ გაიყინა, რაც რუსეთმა კიევის მიმართულებიდან სამხედროები გაიყვანა.

კომენტარები