რუსეთი

დაკავებულ გირკინს სურს, რომ მისმა მხარდამჭერებმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შტაბი შექმნან

წინასწარი პატიმრობის იზოლატორში მყოფ რუს ულტრამემარჯვენეს, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილ ე.წ. თავდაცვის მინისტრს, იგორ გირკინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს და საკუთარ მხარდამჭერებს თავისი შტაბის ფორმირებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ იგორ გირკინის (სტრელკოვის) მიერ საპატიმროდან გამოგზავნილი წერილი სტრელკოვის მხარდამჭერი რუსული მოძრაობის თანათავმჯდომარემ, ოლეგ ნელზინმა წაიკითხა. 

"მოგმართავთ წინადადებით დაიწყოთ მუშაობა რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩემი პრეზიდენტობის კანდიდატად წამოყენებაზე, თვითწამოყენებული კანდიდატის სახით არჩევნებში მონაწილეობისთვის კანდიდატის წამოყენების მხარდამჭერი და ხელმოწერების შემგროვებელი საინიციატივო ჯგუფის შექმნაზე". – ეწერა გირკინის წერილში.

"ეს არის ჩვენი შანსი, გავერთიანდეთ გარე და შიდა საფრთხის წინაშე". - წერს გირკინი წერილში.

ამას გარდა, მან მხარდაჭერისკენ მოუწოდა "ყველა რუსულ პატრიოტულ ძალას, საზოგადოებრივ და პლიტიკურ ორგანიზაციებს", 25 იანვრის კომიტეტის, სამოქალაქო მოძრაობა ნოვოროსიასა და განრისხებულ პატრიოტთა კლუბის წევრებს.

იგორ გირკინმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს გამოთქვა.

სავარაუდოდ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის გაზაფხულზე ჩატარდება. ვლადიმირ პუტინს საკუთარი კანდიდატურა ჯერჯერობით არ წამოუყენებია.

იგორ გირკინი 21 ივლისს ექსტრემიზმისკენ მოწოდების ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს. საქმის განხილვამდე, 18 სექტემბრამდე რუსი ულტრანაციონალისტი წინასწარ პატიმრობაში დარჩება. გირკინი, გულის დაავადების საფუძველზე, შინაპატიმრობას ითხოვდა. მოსკოვის სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. მას 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

2022 წლის ნოემბერში ნიდერლანდების სასამართლომ იგორ გირკინს სამუდამო პატიმრობა, მალაიზიის ავიახაზების სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, დაუსწრებლად მიუსაჯა. რეისი MH17-ის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი - 298 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები