იგორ გირკინი

დაკავებულ გირკინს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს

დაკავებული იგორ გირკინი
Reuters

წინასწარ პატიმრობაში მყოფ რუს ულტრანაციონალისტს, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი ე.წ. თავდაცვის მინისტრს, იგორ გირკინს რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს. ამის შესახებ საუბარია მის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ პოსტში, სათაურად: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატურის წამოჭრის შესახებ.

საკუთარ პოსტში გირკინი ასახელებს 6 მიზეზს, თუ რატომ ჯობია ვლადიმირ პუტინს უკრაინასთან ომის დროს.

"სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირობებში ჩემი პლუსები მოქმედ პრეზიდენტთან შედარებით:

1. პრეზიდენტი უარს ამბობს უხელმძღვანელოს სამხედრო მოქმედებებს, თავს სამხედრო საქმეში არაკომპეტენტურად თვლის. მე თავს სამხედრო საქმეში უფრო კომპეტენტურად ვთვლი, ვიდრე მოქმედი პრეზიდენტია, და სავსებით უკეთ, ვიდრე მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ამიტომ შემეძლება უმაღლესი მთავარსარდლის მოვალეობის შესრულება, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის შესაბამისად.

2. ჩვენი პრეზიდენტი უაღრესად გულუბრყვილო ადამიანია, 8 წლის განმავლობაში ერთად და ცალ-ცალკე ატყუებდნენ ობამა, ტრამპი, მაკრონი, მერკელი, პოროშენკო და ზელენსკი. ითრევდნენ მინსკისა და ნორმანდიულ ფორმატში, სტამბულსა და კიდევ სხვაგან. ჩემი მხრივ, შემიძლია აღვნიშნო: 2014 წლიდან, არასდროს დამიძახია ძვირფასი და პატივცემული პარტნიორი იმ პირებისთვის, რომლებიც მოქმედ პრეზიდენტს ატყუებდნენ. მე პირიქით, მათი ოდნავადაც არასდროს მჯეროდა.

3. მოქმედი პრეზიდენტი ძალიან კეთილია. როდესაც წელიწადნახევრის წინ სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ის მალე დარწმუნდა, რომ მას არამხოლოდ პატივცემული დასავლელი და კიეველი პარტნიორები, არამედ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების, დაზვერვისა და სამხედრო-საწარმო კომპლექსის ხელმძღვანელებიც ატყუებდნენ. გაირკვა, რომ არც ქვეყანა, არც არმია, არც რუსეთის წარმოება ომისთვის მზად არ იყო, ხოლო ე.წ. უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით სულაც არ იყო მარიონეტი. ამის მიუხედავად, ნახსენები სტრუქტურების მეთაურები (ასევე სხვებიც, მაგალითად ცენტრალური ბანკი) საკუთარ თანამდებობებზე რჩებიან და აგრძელებენ ჩვენ გაოცებას საკუთარი არაკომპეტენტურობით. მე ხომ ასეთი კეთილი არ ვარ, რისი დამტკიცებაც პრაქტიკულადაც შემიძლია.

4. ჩენს პრეზიდენტს ჰყავს ძალიან ბევრი მილიარდერი და ბიზნესმენი მეგობარი, რომლებთანაც მას არ შეუძლია (ზემოხსენებული სიკეთისა და სულგრძელობის გამო) რაიმეზე უარი თქვას. შედეგად რუსეთის ფედერაციიდან კაპიტალის გატანა გრძელდება, სამხედრო წარმოება ბევრად უფრო ნელა იზრდება, ვიდრე პრეზიდენტის მეგობრების კაპიტალი. მე არ მყავს არც ერთი მილიონერი მეგობარიც კი, მეწარმეებთან... საერთოდაც მეგობრები ცოტა მყავს და ძირითადად მდიდრები არ არიან. შესაბამისად, რუსეთის ეკონომიკის საზიანოდ მეგობრების სურვილებზე დაყოლიება არ მომიწევს.

5. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი უაღრესად მორალური პიროვნებაა, მუდამ ენდობა სიტყვას და მკაცრად ასრულებს დაპირებას, მიცემულს მათ მიმართ, ვინც ის ხელისუფლებაში 90-იანი წლების ბოლოს მოიყვანა. მე ხომ არავის არაფერს დავპირებივარ და, ამიტომაც, შემიძლია უგულებელვყო რუსეთის ფედერაციის ყველა პრეზიდენტის ყველა პირადი გარანტია, რაც 1991 წლიდან დღემდე დაუდიათ, თუ ჩავთვლი, რომ ეს კარგი იქნება ხალხისა და სახელმწიფოსთვის.

6. მე იმდენად სპორტული და ჯანმრთელი არ ვარ, როგორიც ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი ჩემს ასაკში იყო, ამიტომ, ძვირფასო ამომრჩევლებო, ფიზიკურად ვერ შეგაწუხებთ 20 წელზე მეტი ხნით, თუნდაც უეცრად სურვილი გამიჩნდეს, რომ თქვენთან ერთად ვიწრიალო მას შემდეგ, რაც სამხედრო კრიზისი და მისი ყველაზე მძიმე შედეგები გადალახული იქნება".

იგორ გირკინი 21 ივლისს ექსტრემიზმისკენ მოწოდების ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს. საქმის განხილვამდე, 18 სექტემბრამდე რუსი ულტრანაციონალისტი წინასწარ პატიმრობაში დარჩება. გირკინი, გულის დაავადების საფუძველზე, შინაპატიმრობას ითხოვდა. მოსკოვის სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. მას 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

2022 წლის ნოემბერში ნიდერლანდების სასამართლომ იგორ გირკინს სამუდამო პატიმრობა, მალაიზიის ავიახაზების სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, დაუსწრებლად მიუსაჯა. რეისი MH17-ის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი - 298 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები