გერმანია

ბუნდესტაგმა საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას მხარი დაუჭირა

www.bundestag.de

ბუნდესტაგმა საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადა. 16 ნოემბერს ფედერალური მთავრობის კანონპროექტს დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი, წინააღმდეგ მხოლოდ მემარცხენე პარტიის წევრები წავიდნენ. 

ეს ნაბიჯი მიზნად ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი რაოდენობის შემცირებას ისახავს. უსაფრთხო ქვეყნად კლასიფიცირება ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეების აპლიკაციები თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ უფრო სწრაფად განიხილება, რაც შესაძლებელს გახდის დეპორტაციის პროცესის დაჩქარებას. უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მთავარი კრიტერიუმი კი პოლიტიკური დევნის საფრთხის  არარსებობაა.

შესაბამისად, ფედერალური საბჭოს (ბუნდესრატი) მიერ ბუნდესტაგის გადაწყვეტილების დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოდან და მოლდოვიდან თავშესაფრის მაძიებლებისთვის უარის თქმის პროცედურა გამარტივდება. 

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი მიესალმა ბუნდესტაგის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ "მნიშვნელოვანი ნაბიჯია" არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ, რამაც შესაძლოა, მუნიციპალიტეტებსა და სასამართლოებზე ტვირთი შეამციროს. ფეზერის თქმით, გერმანია საქართველოს და მოლდოვასთან მიგრაციასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს, რაც "შესაძლებელს გახდის სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიციურ იმიგრაციას და ამგვარად შეიქმნება სტიმული, რათა მომავალში საქართველოს და მოლდოვის მოქალაქეებმა გერმანიაში აღარ წარადგინონ თავშესაფრის უიმედო განაცხადები".

ამასთან, გერმანიის ფედერალური მთავრობის მონაცემებით, საქართველოდან და მოლდოვადან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადებების დაკმაყოფილების მაჩვენებელი 2023 წლის პირველ ნახევარში 0.1% იყო, რაც ნიშნავს, რომ ათასიდან მხოლოდ ერთი განაცხადი აღმოჩნდა წარმატებული.

ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო, ისევე როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, კოსოვო, მონტენეგრო, განა და სენეგალი გერმანიას უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჰყავს შეყვანილი. 

შოლცი: გერმანიიდან ხალხი უფრო ხშირად და უფრო ჩქარა უნდა დავადეპორტოთ

Der Spiegel-ისთვის 20 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის კონტროლის გამკაცრების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანთა დეპორტაცია უფრო ხშირი და ჩქარი ტემპით უნდა დაიწყონ.

"საქართველოსა და მოლდოვას კლასიფიცირებას უსაფრთხო ქვეყნებად ვახდენთ. ორივეს ევროკავშირის წევრობა სურს, შესაბამისად, შეუძლებელია დავასკვნათ ამ ქვეყნებში სისტემური დევნის არსებობა. ვაძლიერებთ ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვას, რათა ევროპაში ნაკლები ხალხი შემოვიდეს და შევთანხმდით ევროკავშირში სოლიდარობის ახალ მექანიზმზე: ლტოლვილები დარეგისტრირდებიან პირველ ქვეყანაში, სადაც შევლენ, გერმანიისკენ დიდ მასებად დაძვრის ნაცვლად. სანაცვლოდ, მათ სამართლიანად გადაანაწილებენ ევროპაში. ევროპარლამენტი, იმედია, ამ მექანიზმს მომდევნო თვეებში მიიღებს". – თქვა კანცლერმა.

როგორც Der Spiegel-ის ჟურნალისტმა აღნიშნა, ამ ყველაფერს გარკვეული დრო დასჭირდება და შოლცს ჰკითხა, თუ რა შეუძლია გერმანიამ მოკლე ვადაში მოიმოქმედოს.

"როგორც ბრიუსელი გავაფრთხილეთ, მეზობელ ქვეყნებთან საზღვრებზე კონტროლი გავამკაცრეთ. გვსურს შევამციროთ აქ არალეგალურად დარჩენის მოტივაცია. თუ გერმანიის შტატები იტყვიან, რომ მათ სურთ გაიღონ მატერიალური სოციალური დახმარება ფულის ნაცვლად, ამას დავთანხმდებით. თუ სურთ თავშესაფრის მაძიებლებისთვის სადებეტო ბარათების დაწესება, ამასაც მხარს დავუჭერთ. ამას გარდა, ვფიქრობთ, სწორი იქნება თავშესაფრის მაძიებლებისთვის საზოგადოებრივი სამსახურის გახსნა". – უპასუხა შოლცმა შეკითხვას.

კომენტარები