ვაკის პარკის ტრაგედია

ვაკის პარკის საქმეზე 2 პირს პატიმრობა მიესაჯა, მათ შორის, მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს

ვაკის პარკი

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილსა და კომპანია ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის სპეციალისტს, ვახტანგ ლონდარიძეს ვაკის პარკის საქმეზე პატიმრობა მიუსაჯა.

საქალაქო სასამართლოს ცნობით, გიგაშვილს 3 წლის ვადით, ხოლო ლონდარიძეს 1 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

სასამართლომ გიგა გიგაშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივ გულგრილობაში, ხოლო ლონდარიძე ყალბი ექსპერტიზის დასკვნის დამზადება-გამოყენებაში.


ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულ ცხრა პირს აღკვეთის ღონისძიებების სახით წინასწარ პატიმრობა 2022 წლის 20 ოქტომბერს შეეფარდათ.

2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.

12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის მიერ გავრცელებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გრინსერვისისგან 26 აგვისტოს ჩაიბარა. დოკუმენტს თბილისის მერიის მხრიდან ხელს აწერს გარემოს დაცვის სამოქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი და ამავე სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი, ხოლო შემსრულებელი კომპანიის მხრიდან გრინსერვისის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. დოკუმენტში წერია, რომ მერიის საქალაქო სამსახურმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ანგარიშით დადასტურების შემდეგ ჩაიბარა.

კომენტარები