ვაკის პარკის ტრაგედია

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან რვას პატიმრობა მიესაჯა

ვაკის პარკი

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან რვას პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

უდანაშაულოდ ცნეს ვალერი გობეჯიშვილი, თავისუფლების აღკვეთა კი მიესაჯათ:

  • თბილისის მერიის კონტრაქტორ "გრინსერვის+"-ის დირექტორს ლაშა ფურცხვანიძეს - 6 წელი;
  • თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს - 3 წელი;
  • "გრინსერვისი+"-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - 3 წელი;
  • შპს „გრინსერვის+-ის“ საქმის მწარმოებელ ბექა მურღვლიან​ს - 3 წელი;
  • "მშენ-ექსპერტის" დირექტორ ნუგზარ ქიტიაშვილს - 3 წელი და 6 თვე;
  • "მშენ-ექსპერტის" ექსპერტი დავით თუშიშვილს - 3 წელი და 6 თვე;
  • შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელ ლაშა ჭიყიტაშვილს - 3 წელი;
  • ელექტროშემდუღებელ გიორგი გობეჯიშვილს - 4 წელი.

2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული ელექტროდენისგან ელექტროტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტროტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. საბოლოოდ ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

პროკურატურის ცნობით, 2020 წლის 18 მაისს, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს ,,LMC“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობის თაობაზე. პროექტის შედგენის შემდგომ, შპს ,,LMC“-მ სათანადო ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით, რაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენას მოიცავდა, შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიან“-ს მიმართა.


17 თებერვალს 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურამ გრინსერვისი-ის დირექტორს, ამავე კომპანიის თანამშრომელს, მშენ-ექსპერტი-ს დირექტორს და ექსპერტს ბრალდება დაუმძიმა. პროკურატურის მტკიცებით, გრინსერვისმა ვაკის პარკის შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები "უხარისხოდ" შეასრულა, მშენ-ექსპერტმა კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტი შეადგინა და დაწერა, რომ სამუშაოები შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან.

2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.

12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის მიერ გავრცელებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გრინსერვისისგან 26 აგვისტოს ჩაიბარა. დოკუმენტს თბილისის მერიის მხრიდან ხელს აწერს გარემოს დაცვის სამოქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი და ამავე სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი, ხოლო შემსრულებელი კომპანიის მხრიდან გრინსერვისის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. დოკუმენტში წერია, რომ მერიის საქალაქო სამსახურმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ანგარიშით დადასტურების შემდეგ ჩაიბარა.

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდის საქმეზე 9 პირი 18 ოქტომბერს დააკავეს. მათ შორისაა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გ.ვ (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), გრინსერვისის და მშენექსპერტის დირექტორები და თანამშრომლები, ასევე, ორი კერძო ელექტროშემდუღებელი. სამინისტროს მტკიცებით, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე.

გამოძიების ცნობით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ გრინსერვისის მენეჯერს სთხოვა, შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით. გრინსერვისის დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის გადაწყვეტილებით, ამ სამუშაოს შესრულება დაუკვეთეს მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის - ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენელს. 

შსს-ს ცნობით, ნიუ მეტალ დიზაინის დაქირავებულმა ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია. სამუშაოები გრინსერვისის დირექტორმა შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ჩაიბარა ასევე ინსპექტირების გარეშე.

გამოძიების მტკიცებით, ხელოსნებმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ, წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის  მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტროკაბელი მოაყოლეს. ამის გამო, დაზიანდა ელექტროკაბელის იზოლაცია და დენმა წყალში გაჟონა. 

30 ნოემბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

კომენტარები