ვაკის პარკის ტრაგედია

პრეზიდენტმა მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი თავდადებისთვის მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაკის პარკის შადრევანში დაღუპული მოზარდი, მარიტა მეფარიშვილი და მებაღე, დევი მეზურნიშვილი სამოქალაქო თავდადებისთვის მედლით დააჯილდოვა. 

"მარიტა მეფარიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მეგობრების გადასარჩენად თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა და სახელმწიფო ჯილდო მის ოჯახს გადაეცა.

ხოლო ეკოსერვის ჯგუფის უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მოზარდების გადარჩენის მიზნით გამოვლენილი თავდადებისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა". - ვკითხულობთ განცადებაში.  

13 ოქტომბერს გარდაიცვალა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა. მასთან ერთად მყოფი 2 თანატოლი წყლიდან დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაში მკურნალობდა და ხელოვნურ სუნთქვაზე იყო. ბიჭი საავადმყოფოდან რამდენიმე დღეში გაწერეს. 

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდის საქმეზე 9 პირი 18 ოქტომბერს დააკავეს. მათ შორისაა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გ.ვ (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), გრინსერვისის და მშენექსპერტის დირექტორები და თანამშრომლები, ასევე, ორი კერძო ელექტროშემდუღებელი. სამინისტროს მტკიცებით, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე.

გამოძიების ცნობით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ გრინსერვისის მენეჯერს სთხოვა, შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით. გრინსერვისის დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის გადაწყვეტილებით, ამ სამუშაოს შესრულება დაუკვეთეს მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის - ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენელს. 

შსს-ს ცნობით, ნიუ მეტალ დიზაინის დაქირავებულმა ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია. სამუშაოები გრინსერვისის დირექტორმა შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ჩაიბარა ასევე ინსპექტირების გარეშე.

გამოძიების მტკიცებით, ხელოსნებმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ, წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის  მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტროკაბელი მოაყოლეს. ამის გამო, დაზიანდა ელექტროკაბელის იზოლაცია და დენმა წყალში გაჟონა. 

კომენტარები