რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-მ უკრაინისთვის დამატებით $450 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოყო

ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, პრეზიდენტის სასახლეში, 2023 წლის 20 თებერვალი
უკრაინის პრეზიდენტი

3 ნოემბერს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა "უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად" დამატებით $450-მილიონიანი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

პაკეტი მოიცავს უშუალოდ თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან $125 მილიონის ღირებულების დახმარებასა და კიევის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფონდიდან გამოყოფილ $300 მილიონს.

დახმარება NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და HIMARS-ების აღჭურვილობას, 105 და 155-მილიმეტრიან ჭურვებსა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღებს მოიცავს. ამასთან, Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პაკეტში შედის დრონების საწინააღმდეგო ლაზერით მართვადი აღჭურვილობა, მათ შორის, L3Harris Technologies-ის მიერ წარმოებული VAMPIRE-ებისთვის.

USAI-ს $18 მილიარდიანი ფონდი ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, უკრაინისთვის იარაღის ამერიკული მარაგებიდან მიწოდების მაგივრად, ისინი მწარმოებლებისგან შეიძინოს. ფონდში თანხა მალე ამოიწურება.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ომში მყოფი დემოკრატიების დახმარების გასაგრძელებლად კონგრესს $106 მილიარდი რაოდენობის დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა გაუგზავნა, რაც უკრაინისთვის $61 მილიარდის, ხოლო ისრაელისთვის $14.3 მილიარდი რაოდენობის სამხედრო დახმარებას მოიცავს.

ორი ქვეყნის დახმარების გამიჯვნას ითხოვენ რესპუბლიკელები. მათ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში 30 ოქტომბერს წარადგინეს ისრაელისთვის $14.3 მილიარდიანი დახმარების კანონპროექტიც, რომელიც პალატამ უკვე დაამტკიცა.

თეთრი სახლის თქმით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა მიერ წარდგენილი ისრაელის დახმარების კანონპროექტს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვეტოს დაადებს, რადგან იგი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას არ მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ აქვს დაახლოებით $5 მილიარდი უკრაინის დასახმარებლად. ეს იმ 6.2 მილიარდი დოლარის ნაწილია, რომელიც აშშ-მ უკრაინას შემთხვევით ზედმეტად გამოუყო. სააღრიცხვო შეცდომა, რომლის გამოც გასული ორი წლის განმავლობაში უკრაინისთვის მიწოდებული იარაღების ღირებულება შეცდომით გადაჭარბებულად შეაფასეს, მიმდინარე წლის ივნისში აღმოაჩინეს.

2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ-მ უკრაინას უსაფრთხოების გასაძლიერებლად დაახლოებით 44 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება გაუგზავნა.

კომენტარები