ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბაიდენი ისრაელის დახმარების კანონპროექტს, რომელიც უკრაინას არ მოიცავს, ვეტოს დაადებს

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

თეთრი სახლის თქმით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა მიერ წარდგენილი ისრაელის დახმარების კანონპროექტს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვეტოს დაადებს, რადგან იგი უკრაინისთვის სამხედრო, ხოლო ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას არ მოიცავს.

თეთრი სახლის ბიუჯეტისა და მართვის ოფისის (OMB) შეფასებით, რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ წარდგენილ კანონპროექტს ისრაელის დახმარების საკითხში პარტიულობა შემოაქვს მაშინ, როცა ორპარტიული შეთანხმების მიღწევა ისრაელისა და უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის.

ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, ისრაელისა და უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხის გამიჯვნა აშშ-ს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, რადგან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ ტირანიის, ხოლო ისრაელმა ტერორიზმის, წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება შეძლოს.

რესპუბლიკელებმა ისრაელისთვის $14.3 მილიარდი რაოდენობის დახმარების კანონპროექტი 30 ოქტომბერს წარადგინეს, რაც შეესაბამება პრეზიდენტი ბაიდენის მოთხოვნას, თუმცა თანხის მოძიება აშშ-ს შიდა საგადასახადო სამსახურისთვის დაფინანსების შემცირებას ითვალისწინებს.

20 ოქტომბერს ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს $106 მილიარდი რაოდენობის დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა გაუგზავნა, რაც უკრაინისთვის $61 მილიარდის, ხოლო ისრაელისთვის $14.3 მილიარდი რაოდენობის სამხედრო დახმარებას მოიცავს. ამას გარდა, ბაიდენი კონგრესს $10 მილიარდს სთხოვს, რათა ისრაელსა და უკრაინას საჭირო ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს.

აშშ-ს სენატის დემოკრატთა უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა რესპუბლიკელების მიერ წარდგენილ ისრაელის დახმარების კანონპროექტს "არაადეკვატური" და "არასერიოზული შემოთავაზება" უწოდა. მისი თქმით, კანონპროექტის წარდგენის მიზანი "კონგრესის დაყოფაა, და არა მისი გაერთიანება".

ზოგიერთი კონგრესმენის მცდელობას, ერთმანეთისგან გამიჯნონ უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხი, აშშ-ს სენატის რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელიც არ ეთანხმება და თანაპარტიელების მსგავს მცდელობებს იგი შეცდომას უწოდებს. მისი თქმით, შიდა პოლიტიკაში ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ მკვეთრად კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, მას სურს, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ამერიკა ტრადიციულად ორპარტიული თანხმობით იღებდეს გადაწყვეტილებებს.

კომენტარები