ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

"ვფიქრობ, გვჭირდება პაუზა" – ბაიდენი ისრაელ-ჰამასის ომზე

ჯო ბაიდენის მიმართვა ისრაელში, 18 ოქტომბერი, 2023
REUTERS/Evelyn Hockstein

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელსა და ჰამასს "პაუზისკენ" მოუწოდა, რათა მძევლებს გათავისუფლების საშუალება მიეცეთ. 

ის მინესოტაში კამპანიის ფარგლებში დაახლოებით 200 ადამიანს მიმართავდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მონაწილემ სიტყვა შეაწყვეტინა და ბაიდენს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

"ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება პაუზა. პაუზა ტყვეების გასაყვანად დროის დათმობას ნიშნავს". - თქვა ბაიდენმა. 

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მოგვიანებით განმარტეს, რომ ბაიდენი გულისხმობდა ჰამასის მძევლების გათავისუფლებასა და ჰუმანიტარული დახმარების ღაზისთვის მიწოდებას. 

ბაიდენმა სიტყვის გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის ომი "რთული საკითხია" როგორც ისრაელისთვის, ისე მუსლიმური სამყაროსთვის.

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები