გერმანია

ფრანკფურტის პოლიციამ მეტროში გაუხსნელი ყუმბარა იპოვა, ეჭვმიტანილს ჯერ კიდევ ეძებენ

Bundespolizei

ფრანკფურტის პოლიციამ მეტროს ცენტრალურ სადგურში გაუხსნელი ყუმბარა იპოვა, რომელიც ასაფეთქებლად გამზადებული იყო, თუმცა პოლიციის აზრით საფრთხე მყისიერი არ ყოფილა. ადამიანი, რომელმაც ყუმბარა მეტროში მოათავსა, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა და მისი ვინაობის დადგენა ჯერ კიდევ ცდილობენ. კამერებმა დააფიქსირა ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ადრიან დილით ყუმბარა დაამონტაჟა. გავრცელებულ ფოტოზე მამაკაცს პირბადე უკეთია და ქუდი აფარია, რის გამოც, მისი სახის ამოცნობა რთულია.

პოლიციის სპეციალურმა ჯგუფმა ყუმბარა გაანეიტრალა. პოლიციას ამოუცნობი ობიექტის მეტროს გვირაბში არსებობის შესახებ თავდაპირველად მგზავრებმა აცნობეს. ასაფეთქებელი საშუალება მეტროს ქვედა სართულზე გვირაბის სიღრმეში იყო დამონტაჟებული. 

გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, ყუმბარა იუგოსლავიური მოდელი, კონკრეტულად კი M52 იყო, რომელსაც აფეთქების შემთხვევაში შეუძლია მოკლას ადამიანები 20 მეტრის რადიუსში. 

კომენტარები