შსს

სახალხო დამცველი რაზმაძის საქმეზე: გადაწყვეტილება კანონმდებლობისა და სტანდარტის შესაბამისია

სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის მიმართვის თაობაზე აცხადებს, რომ ომბუდსმენის მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკასთან სრულ შესაბამისობაშია.

სახალხო დამცველის განცხადება გამოქვეყნდა მას შედეგ რაც, შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, გოგა რაზმაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის საქმის წარმოება სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა შეწყვიტა. რაზმაძის თქმით, სახალხო დამცველმა მტკიცების ტვირთი, რომელიც მოპასუხეს ეკისრება, მას, ანუ განმცხადებელს დააკისრა.

"ამ საქმეში სახალხო დამცველის აპარატი დაეყრდნო იმავე მტკიცების სტანდარტს, რაც წლების განმავლობაში არაერთ სხვა საქმეში ყოფილა გამოყენებული. გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც ჰქონდა მტკიცების ტვირთი (და არა განმცხადებელს), დაემტკიცებინა შევიწროების ფაქტის არარსებობა, წარმოადგინა განმცხადებლის მიერ მოწოდებული თითოეული გარემოების გამაქარწყლებელი არგუმენტაცია.

ამავე დროს, სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ საქმეთა შესწავლის თუ გადაწყვეტილებათა მიღების დროს აპარატი მოქმედებს "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის, "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და არაერთი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. ამდენად, საქმის განხილვისას, შესწავლილი იქნა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლის მიზნებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და განხორციელდა კანონით გათვალისწინებული, საქმისთვის აუცილებელი და რელევანტური ღონისძიებები. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა იმსჯელა დამატებითი ახსნა-განმარტებების მოძიებისა და მოწმეთა გამოკითხვის თაობაზე, თუმცა, აღნიშნულის საჭიროება არ გამოკვეთილა".- წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველის მითითებით, გადაწყვეტილების სრულად გასაჯაროება განმცხადებლის პერსონალურ მონაცემების პატივისცემის გამო მიზანშეუწონლად მიაჩნია.


გოგა რაზმაძემ განცხადება პირველად 12 ივლისს გაავრცელა. რაზმაძის შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მასზე განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობაზე რეაგირებას სთხოვდა. რაზმაძე წერდა, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე საუბრის გამო, ის გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და "საქმე გაურჩიეს". 

ამავე დღეს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ომბუდსმენის აპარატმა გოგა რაზმაძის განცხადებაზე მოკვლევა დაიწყო.

რაზმაძის განცხადებას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც უწყების თანამშრომლის განცხადებას სრული ტყუილი და აბსურდი უწოდა.

28 ივლისს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ რაზმაძემ განმარტებების გაკეთება და გასაუბრებაში მონაწილეობის მიღება არ ისურვა.

კომენტარები