ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნეთანიაჰუ: როგორც აშშ ვერ დათანხმდებოდა ცეცხლის შეწყვეტას 9/11-ის შემდეგ, ასევე ვართ ჩვენც

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ისრაელი ვერ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მისი თქმით, ბიბლია ამბობს, რომ არსებობს მშვიდობის და ომის დრო, ხოლო ახლა ისრაელისთვის ომის დროა, ომის ებრაელი ხალხის მშვიდობიანი მომავლისთვის. 

"როგორც აშშ ვერ დათანხმდებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას პერლ ჰარბორის დაბომბვის ან 9/11ის შემდეგ, ისრაელი არ დათანხმდება შეთანხმებას ჰამასთან 7 ოქტომბრის საზარელი თავდასხმების შემდეგ" - თქვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. 

მისი თქმით, ისრაელს ომი არც დაუწყია და არც სურდა, თუმცა ამ ომს მოიგებს. ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ ბარბაროსი მტრის დამარცხება იწყება კარგისა და ცუდის, სიმართლისა და ტყუილის განსხვავებით და იმის მორალური გარჩევის უნარით, თუ რა განსხვავებაა ბავშვის განზრახ სასტიკ მკვლელობასა და უნებლიე მსხვერპლს შორის, რომელიც ყველგან ყველა ომს თან ახლავს. 


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები