აშშ-ის სანქციები

NGO-ები: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს სანქცირებულთა ინტერესების დაცვა

53 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს სანქცირებული პირების ინტერესების დაცვა - დოკუმენტი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 

არასამთავრობოების ერთობლივი განცხადების მიხედვით, ხელისუფლება აქტიურად იცავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ლევან მურუსიძის, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას, ყოფილი მოსამართლის ვალერი ცერცვაძის და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ინტერესებს და ანტი-დასავლური პროპაგანდის წარმოებით ცდილობს გადაფაროს სანქცირებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები.

არასამთავრობოების განცხადებით,  აშშ-ის სანქციების გვერდის ასავლელად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სანქციების აღსრულების წესი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ბრალდებულ ყოფილ მთავარ პროკურორს მოარგო, რაც  სახელმწიფოს მიტაცების, ქმედებაში გამოხატული, კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითია.  

“მიგვაჩნია, რომ სანქცირების ორივე შემთხვევა საგანგაშო მიზეზებით მოხდა. მრავალი წელია ქართული საზოგადოება საქართველოს სასამართლოს სისტემაში კორუფციის და პოლიტიკური ინტერესების არსებობაზე საუბრობს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 აპრილს კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობისთვის მოსამართლეების დასანქცირება ამ კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი იყო ოთარ ფარცხალაძის არაფორმალური გავლენების შესახებ საქართველოს პოლიტიკურ თუ ბიზნეს სფეროებზე. მის მიმართ სამართალდამცავების ლოიალური დამოკიდებულება გამაოგნებელი იყო. წლების მანძილზე მისი სახელი არაერთ დანაშაულებრივ ქმედებას უკავშირდებოდა, თუმცა მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა არცერთ საქმეზე არ დამდგარა.  14 სექტემბერს კი აშშ-ის ხაზინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ამ ყველაფერს რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ საქმიანობის ბრალდებაც დაემატა. სამართალდამცავებს ამ საკითხზე ეფექტიანი რეაგირება არ მოუხდენიათ, უფრო მეტიც, მათ ოთარ ფარცხალაძეს საშუალება მისცეს ქვეყანა დაეტოვებინა" - წერია არასამთავრობოების განცხადებაში.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI-Georgia)
  2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  4. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  5. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
  6. უფლებები საქართველო
  7. ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  8. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  9. სასამართლოს გუშაგი
  10. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  11. საფარი
  12. სამოქალაქო იდეა
  13. ევროპულ - ქართული ინსტიტუტი (EGI)
  14. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  15. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  16. საზოგადოება და ბანკები
  17. მწვანე ალტერნატივა
  18. თანასწორობის მოძრაობა
  19. თბილისი პრაიდი
  20. GrlzWave
  21. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  22. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  23. დემოკრატიის მცველები
  24. ფრანკლინის კლუბი
  25. საქართველოს მომავლის აკადემია
  26. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი
  27. ჭავჭავაძის ცენტრი
  28. დემოკრატიის ინსტიტუტი
  29. კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise
  30. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
  31. წერტილი
  32. Promote Georgia
  33. ქვემო ქართლის მედია
  34. ასოციაცია „ღირსეული სიბერე“
  35. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  36. მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი „მედიახმა“
  37. ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა
  38. აფხაზური ამბები
  39. თაობათა გაძლიერების ქსელი
  40. ქალთა ფონდი „სოხუმი“
  41. მაისის მოძრაობა
  42. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  43. ჯიუტი
  44. დასაქმებისა და გადამზადების ცენტრი
  45. საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“
  46. კომლი
  47. სამოქალაქო აქტივობის ცენტრი - ლაკმუსი
  48. ქალთა ფონდი საქართველოში (WFG)
  49. ყვარლის ევროკლუბი
  50. დემოკრატიის ინდექსი - საქართველო
  51. ასოციაცია დევნილები დევნილებისათვის
  52. პრევენცია პროგრესისთვის
  53. განვითარებისა და ჩართულობის პროგრამა (DEP)

5 აპრილს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. 

გარდა მოსამართლეებისა, 14 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და ФСБ-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა ФСБ-თან კავშირით".

18 სექტემბერს ქართულმა ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს. ეროვნული ბანკის განმარტებით, 2022 წლის 26 თებერვლიდან საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად - სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის შესაძლებლობა.

თუმცა, 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ საქართველო არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად", თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესების "პირველი პრეცედენტია".

ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებოდა - მისი მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი.

 

კომენტარები