აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

ილონ მასკი ვივეკ რამასვამის კამპანიისთვის თანხის შესაგროვებელ ღონისძიებას დაესწრო

აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი ვივეკ რამასვამი
AP Photo/Jose Luis Magana

გამოცემა Reuters-ის ცნობით, 28 ოქტომბერს ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი აშშ-ში პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის ვივეკ რამასვამის კამპანიისთვის ფულის შესაგროვებელ ღონისძიებას დაესწრო.

რამასვამიმ ლას ვეგასში დონორებთან ყოველკვირეული შეკრებისას ინტერვიუში თქვა, რომ მისთვის გამართულ ღონისძიებაზე ილონ მასკი მივიდა და მათ ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს.

"მე და ილონს დისკუსიები მხოლოდ ქვეყნის კულტურულ მიმართულებაზე გვაქვს ხოლმე... ის და მე სიტყვის თავისუფლების აბსოლუტიზმის მომხრეთა რიგებში დღითიდღე უფრო მარტონი ვრჩებით", - თქვა რამასვამიმ.

გავრცელებულ ინფორმაციაზე ილონ მასკს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ვივეკ რამასვამი რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა, თუმცა გამოკითხვებში იგი საშუალოდ მე-4 ადგილს იკავებს. მისი პოლიტიკური ინიციატივები ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატიულად მიიჩნევა, თუმცა კრიტიკის დიდი წილი მის საგარეო პოლიტიკის ჩავარდნებზე მოდის.

რამასვამი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და მისი შემოთავაზებით უკრაინა რუსეთთან დათმობებზე უნდა წავიდეს, ხოლო რუსეთს უნდა მიეცეს საშუალება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლი შეინარჩუნოს.

კომენტარები