აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

ბაიდენი ამბობს, რომ თუ ექიმები "სამედიცინო დიაგნოზს" დაუსვამენ, რბოლას გამოეთიშება

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი
Eric Lee/The New York Times

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა BET News-ის ჟურნალისტისთვის, ედ გორდონისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ განიხილავს საპრეზიდენტო მარათონიდან გამოთიშვას იმ შემთხვევაში, თუ ექიმები შესაბამის "სამედიცინო დიაგნოზს" დაუსვამენ. ინტერვიუ 17 ივლისს გამოქვეყნდა.

გორდონმა ბაიდენს ჰკითხა, არსებობდა თუ არა ისეთი რამ, რაც ბრძოლის გაგრძელებას გადააფიქრებინებდა.

"თუ მექნებოდა რაიმე სამედიცინო დიაგნოზი, თუ ვინმე, თუ ექიმი მოვიდოდა და მეტყოდა, რომ ესა და ეს პრობლემა მაქვს". - უპასუხა ბაიდენმა.

იმავე ინტერვიუში ბაიდენმა პირველად თქვა, რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა, თუმცა ხელახლა კენჭისყრა მაინც გადაწყვიტა, რადგან სჯეროდა, რომ მისი "სიბრძნე" და გამოცდილება ქვეყანას გამოადგებოდა.

მიმდინარე კვირას ბაიდენმა NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საპრეზიდენტო რბოლაში დარჩენის გადაწყვეტილება უკვე მიიღო და აზრი არ შეუცვლია. მისივე თქმით, მოხუცია და ესმის, რატომ საუბრობს ხალხი მის ასაკზე, თუმცა ტრამპზე 3 წლით უფროსია.

აშშ-ს პრეზიდენტმა აქამდეც თქვა, რომ რბოლიდან გასვლას არ აპირებს.  როგორც მან ABC-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, თუ ყოვლისშემძლე ღმერთი დედამიწაზე დაეშვება და ეტყვის, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოეთიშოს, შესაძლოა, ასეც მოიქცეს, თუმცა, ეს არ მოხდება.

მანამდე, 27 ივნისს აშშ-ში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის მთავარმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი დებატები გამართეს.

CNN-ის გამოკითხვის მიხედვით, რეგისტრირებული ამომრჩევლების 67% თვლის, რომ დებატებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. 

კომენტარები