საქართველო-ევროკავშირი

ზურაბიშვილი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება რუსეთის დიდი გამარჯვება იქნება

"მთელ მოსახლეობას აინტერესებს, მთავრობას ეს [ევროკავშირში გაწევრიანება] მართლა სურს, თუ უბრალოდ ასე ამბობენ, მაგრამ რეალურად სხვანაირად ფიქრობენ". – ამბობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი CBS-თან მიცემულ ინტერვიუში.

საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დასავლეთისგან, კერძოდ, აშშ-სგან მეტი აქტიურობა არის საჭირო.

"ერთ მაგალითს მოვიყვან. ხუთი წელია, რაც პრეზიდენტი ვარ და ვერ შევძელი ვერანაირი ფორმალური შეხვედრის ან სატელეფონო საუბრის გამართვა ჩემ დონეზე, პრეზიდენტთან ან ვიცეპრეზიდენტთან. მესმის, რომ ამაზე უფრო სასწრაფო საკითხებიც არსებობს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საჭიროა უფრო აქტიურად საჯაროდ თქმა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ვიცი, რომ ამაზე საუბრობს აშშ, თუმცა ამის უმაღლეს დონეზე გახმოვანება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის". – ამბობს ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება "რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება". 

კომენტარები