ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ეს დამოუკიდებლობის მეორე ომია – ნეთანიაჰუ ომის ახალ ეტაპთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰამასის წინააღმდეგ ომის ახალი ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა. ის ისრაელის ხალხს გამარჯვებას დაჰპირდა და თქვა, რომ ეს ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის მეორე ომია.

სიტყვით გამოსვლის დროს ნეთანიაჰუ გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც, რომელმაც ისრაელს ღაზაში ომის დანაშაულების ჩადენა დააბრალა. ნეთანიაჰუმ მათ, ვინც ისრაელელი სამხედროებისთვის "ომის დანაშაულების დაბრალებას ბედავს", ფარისევლები და მატყუარები უწოდა.

"ისრაელის თავდაცვის ძალები მსოფლიოში ყველაზე მორალური არმიაა. ისრაელის თავდაცვის ძალები აკეთებს ყველაფერს, რათა არამებრძოლთა ზიანი თავიდან აიცილოს". – თქვა ისრაელის პრემიერმა და ჩრდილოეთ ღაზის მცხოვრებლებს სამხრეთისკენ ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ნეთანიაჰუმ ჰამასი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ომის დანაშაულებში და აღნიშნა, რომ ტერორისტები საავადმყოფოებს შტაბ-ბინებად იყენებენ.

"მსოფლიოში ახლა ბევრს ესმის, რასაც წლების განმავლობაში ვიძახდით... ისრაელი იბრძვის არამხოლოდ  საკუთარ ომს, არამედ კაცობრიობის ომს ბარბაროსთა წინააღმდეგ". – თქვა ნეთანიაჰუმ. 

"ჩვენმა მოკავშირეებმა დასავლურ სამყაროში და პარტნიორებმა არაბულ სამყაროში იციან, რომ თუ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, ბოროტების ღერძის დაპყრობისა და მკვლელობების მორიგი მსხვერპლები გახდებიან". – დაამატა მან.

ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა დასავლელი ლიდერების ისრაელში გამართულ ვიზიტებს და თქვა, რომ მათ "ცხადი გზავნილი ჩამოიტანეს", რომ ისრაელს არა უბრალოდ მხარს უჭერენ, არამედ მისი გამარჯვების იმედიც აქვთ.

"ერთა წინაშე დგება დრო, როცა უნდა აირჩიონ, იარსებონ თუ გადაშენდნენ. სწორედ ასეთი გამოცდის წინაშე ვართ". – თქვა ისრაელის პრემიერმა.

ნეთანიაჰუმ ომს ისრაელის დამოუკიდებლობის მეორე ომი უწოდა და აღნიშნა, რომ ის ხანგრძლივი იქნება.

"ჩვენ გავანადგურეთ ტერორისტთა უამრავი შტაბ-ბინა და მათი ინფრასტრუქტურა. მხოლოდ დასაწყისია... [ომი] ხანგრძლივი და რთული იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ. ეს ჩვენი დამოუკიდებლობის მეორე ომია. ჩვენ ვიბრძოლებთ სამშობლოს დასაცავად. ჩვენ ვიბრძოლებთ და უკან არ დავიხევთ. გავანადგურებთ მტერს მიწის ზემოთ, თუ ქვემოთ". – თქვა ისრაელის პრემიერმა.

"ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ". – დაამატა პრემიერმა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები