ოკუპირებული აფხაზეთი

"მივწვდებით" – ზელენსკი ადასტურებს, რომ აფხაზეთში რუსულ ხომალდებზე იერიშებს მიიტანენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ ხომალდებზე იერიშისგან თავს არ შეიკავებენ. ზელენსკიმ რუსეთის მიერ ოჩამჩირეში საზღვაო სამხედრო ბაზის გახსნის გეგმებზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ შავი ზღვის ფლოტს ყველგან მისწვდებიან.

"რუსეთის სამხედრო ფლოტს აღარ შეუძლია შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში მოქმედება და გარბის ყირიმიდან. ეს ისტორიული მიღწევაა. მცირე ხნის წინ რუსეთის მეთაურს მოუწია გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნის შესახებ, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთში, უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისგან მაქსიმალურად შორს, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით". – თქვა ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტზე.

გასულ კვირებში ტაბულა დაუკავშირდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კითხვით, მიიტანდნენ თუ არა იერიშებს ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულ რუსულ ხომალდებზე. უკრაინის თავდაცვის უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ კითხვა შეიარაღებული ძალებისთვის გადაეგზავნათ. უკრაინის თავდაცვის ძალების პრესსამსახურში ტაბულას უპასუხეს, რომ ამ კითხვაზე პასუხი მატ კომპეტენციას სცდებოდა.

აქამდე, გასულ დღეს უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ ოჩამჩირის პორტში რუსები აქტიურად მუშაობენ, გააღრმავეს ფსკერი და განაახლეს ინფრასტრუქტურა.

ოქტომბრის დასაწყისში ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო საზღვაო ბაზა მოეწყობოდა. ამის პარალელურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთს ოკუპირებული სევასტოპოლიდან შავი ზღვის ფლოტის ხომალდები გაჰყავდა. ვრცლად ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე წაიკითხეთ აქ – რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის აფხაზეთში მშენებლობის მნიშვნელობა უკრაინის ომის ფონზე.

კომენტარები