ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბერბოკი: თუ ღაზიდან ტერორიზმი გაგრძელდება, ჰუმანიტარულ კატასტროფას ვერ ავიცილებთ

ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, ტერორიზმი თუ გაგრძელდება, არ იქნება უსაფრთხოება, არ იქნება მშვიდობა, არც ისრაელისთვის და არც პალესტინისთვის. ამის შესახებ ბერბოკმა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ისაუბრა.

"ჩვენ ვერ ავიცილებთ ჰუმანიტარულ კატასტროფას, თუ ღაზიდან ტერორიზმი გაგრძელდება. ტერორიზმი თუ გაგრძელდება, არ იქნება უსაფრთხოება, არ იქნება მშვიდობა არც ისრაელისთვის და არც პალესტინისთვის. ჩვენ გვჭირდება გზა ხვალინდელი დღისთვის, ეს ნიშნავს, რომ ვიფიქროთ, როგორ შეიძლება, ღაზაში მშვიდობა და უსაფრთხოება დადგეს. ევროკავშირისა და გერმანიისთვის ცხადია, რომ ისრაელელებსა და პალესტინელებს შეუძლიათ, იცხოვრონ მშვიდობიანად, უსაფრთხოდ, ტერორიზმისგან და ადამიანური ტრაგედიისგან თავისუფლად მხოლოდ ორი სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ამავდროულად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ღაზაში ორი მილიონი ადამიანის წარმოუდგენელი ტანჯვა შემსუბუქდეს. ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას". - თქვა ბერბოკმა.

20 ოქტომბერს ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ გერმანია ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად 50 მილიონ ევროს გამოყოფს და ადგილზე სამედიცინო ჯგუფებსაც გაგზავნის.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები