თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

ნანა შარიქაძემ კონსერვატორიის რექტორის თანამდებობა დატოვა

კონსერვატორიის ყოფილი რექტორი, ნანა შარიქაძე
FB/Nana Sharikadze

ნანა შარიქაძემ კონსერვატორიის რექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა და ვრცელ პოსტში 4-წლიანი საქმიანობაც შეაფასა.

"დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, იყო ქვეყნის ერთადერთი კონსერვატორიის რექტორი, უმაღლესი სასწავლებლის, რომელსაც უდიდესი ტრადიციები გააჩნია. 4-წლიანი პასუხისმგებლობა დასრულდა - პერიოდი სავსე გამოწვევებით, არაპროგნოზირებადი სირთულეებით (განსაკუთრებით პანდემიის ჟამს), მაგრამ ასევე წარმატებებით და, რაც მთავარია, სიახლეებით, რომლებიც საგანმანათლებლო პროცესს აჯანსაღებდა, სტუდენტზე ორიენტირებულ გარემოდ გარდაქმნიდა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან აახლოებდა". - წერს შარიქაძე.

შარიქაძე პოსტში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზეც საუბრობს და 2023 წლის 11 აპრილს "დახურულ კარს მიღმა" გამართულ შეხვედრას იხსენებს.

"მახსენდება კულტურის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, რომლის მსგავსიც მხოლოდ არქივში მაქვს წაკითხული. მხედველობაში მაქვს 2023 წლის 11 აპრილი და მისი შემდგომი პერიოდი - ურთულესი პერსონალურად ჩემთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩემთან ერთად ესწრებოდნენ იმ შეხვედრას და ალბათ იმათთვისაც, ვინც ამ ომში ბრმა იარაღად გამოიყენეს, ან თავიანთი სურვილით გამოაყენებინეს თავი. მჯერა, რომ მოვა დრო, როცა 11 აპრილის შეხვედრაზე მყოფნი იტყვიან, რომ იქ არ ყოფილან... და მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ფასი იმ დღეს თქვენ გადაიხადეთ". - წერს შარიქაძე და დასძენს, რომ კონსერვატორიისთვის ავტონომიურობა და აკადემიური თავისუფლება ისევ გამოწვევად რჩება.

"რეფორმა კი ნამდვილად გასატარებელია, ოღონდ სისტემაში და ურიგო არ იქნებოდა მისი კულტურის სამინისტროდან დაწყება". - ამბობს ის.

უკვე ყოფილი რექტორი აღნიშნავს, რომ კონსერვატორიას სრულად არ ტოვებს, სასწავლებელში ლექტორის რანგში რჩება და პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს.

ნანა შარიქაძეს უფლებამოსილების ვადა 21 ოქტომბერს ამოეწურა. კულტურის სამინისტროს განმარტებით, ამ პერიოდიდან შესაძლებელია რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლის არჩევა.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიამ კულტურის მინისტრის ბრძანების "დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე"  რექტორის არჩევნების პროცედურა შეწყვიტა. კერძოდ, თეა წულუკიანის 25 სექტემბრის ბრძანებით გაუქმდა კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 28 ივლისის დადგენილება, რომელიც რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადებას, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებას და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცებას ითვალისწინებდა.

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნები 2023 წლის 10 ოქტომბერს იყო დანიშნული.

20 სექტემბერს, პარლამენტში გამოსვლისას კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ თბილისის კონსერვატორიაში რეფორმაა გასატარებელი. მისი თქმით, კონსერვატორია "უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც სამწუხაროდ ვერ ახერხებს". წულუკიანის შეფასებითვე, ეს არის არა აკადემიური პერსონალის, არამედ ხელმძღვანელობის "ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი". კულტურის მინისტრი ამბობს, რომ "როცა ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო და ხელმძღვანელი შეცვალო". წულუკიანი ირწმუნებოდა, რომ ამას აუცილებლად გააკეთებდა. 

მეორე დღეს კულტურის მინისტრის ამ განცხადებას კონსერვატორიის რექტორი, ნანა შარიქაძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ხარვეზი სისტემაშია, რომელიც გასული საუკუნის 30-იანი წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება.

"კონსერაკადემიური თავისუფლება და უმაღლესის ავტონომია არის ფასეულება და არავის აქვს მისი ხელყოფის უფლება. განათლების ხარისხი აკადემიური პერსონალის გარეშე არ არსებობს. ამ პერსონალმა და მისმა მენეჯმენტმა აკრედიტაციის ჯგუფის წინასწარი მიგნებებით მაღალი შეფასება მიიღეს, სწორედ იმ რეფორმების გამო, რომელიც 21-ე საუკუნის კურიკულუმთან თავსებადობას გულისხმობს…

ამ ხარისხის გამოა, რომ აგერ უკვე 106 წლის მანძილზე ამ ქვეყნის კულტურის სავიზიტო ბარათს ვაწარმოებთ საერთაშორისო მასშტაბით. ხარვეზი სისტემაშია, რომელიც 2023 წელს გასული საუკუნის 30-იან წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება. სამწუხაროა, რომ რეფორმა ამ სისტემას არ შეხებია.

… სულ მაინტერესებდა რატომ არ სჭირდება ამ ქვეყანას საქმის მცოდნე და იდეით შეპყრობილი ადამიანები?" - წერდა ნანა შარიქაძე.

11 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის 25 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

კომენტარები