თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

სასამართლომ წულუკიანის ბრძანების გაბათილებაზე კონსერვატორიის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის 25 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება 2023 წლის 28 ივლისს კონსერვატორიის მიერ რექტორის არჩევნების გამოცხადების გადაწყვეტილებას. კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს ეს დადგენილება თეა წულუკიანის 25 სექტემბრის ბრძანებით გაუქმდა.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის განცხადებით, კულტურის მინისტრის ბრძანებით, მათ მოქმედ წესდებაში ცვლილების განხორციელება დაევალათ, რაც კონსერვატორიაში არსებული ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისათვის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსის მინიჭებასა და შესაბამისად, აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ერთი წევრით გაზრდას გულისხმობს. 

კონსერვატორიაში ამბობენ, რომ სამომავლოდ ცენტრისთვის სტატუსის განსაზღვრა რექტორის არჩევნების პროცესთან კავშირში არ არის. მათ მიაჩნიათ, რომ არ შეიძლება, ეს საკითხი რექტორის არჩევნებთან დაკავშირებული დადგენილების გაუქმების საფუძველი გახდეს.

"აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის პირობებში და რეგულაციების დაცვით, კონსერვატორიამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადებული წესდების პროექტი სამინისტროს 2022 წელს წარუდგინა. წესდების პროექტი ითვალისწინებდა, მათ შორის, სტრუქტურის რეფორმას. ნიშანდობლივია, რომ პროექტის წარდგენიდან, მიმდინარე წლის 25 სექტემბრამდე, ანუ რექტორის საარჩევნო პროცესის დაწყებამდე, დაახლოებით, 15 თვის განმავლობაში სამინისტროს არ მოუხდენია წესდების პროექტზე რაიმე სახის რეაგირება, მათ შორის, არ დაუბრუნებია შენიშვნები.

გასაკვირია ის გარემოება, რომ ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრთან დაკავშირებული საკითხი აქტუალური გახდა რექტორობის კანდიდატთა საბუთების მიღების დაწყებისას, რაც არაერთ ეჭვსა და შეკითხვას აჩენს ინსტიტუციის ავტონომიურობასთან მიმართებით. ეს შეკითხვები კონსერვატორიის წარმომადგენლების მიერ 29 სექტემბერს, სამინისტროში დანიშნულ შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილესთან არაერთხელ დაისვა. სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხი აკადემიური საბჭოს წევრებმა ვერ მიიღეს

აღვნიშნავთ, რომ კონსერვატორიის ტრადიციული მრავლახმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის სტატუსის სამომავლოდ განსაზღვრის შესახებ მუშაობა დაწყებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ. თუმცა, მისი ფორმირება უმაღლესი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად, დროს მოითხოვს, რაც რექტორის არჩევნების უახლოეს მომავალში ჩატარების შესაძლებლობას სპობს". - წერია კონსერვატორიის განცხადებაში.

კონსერვატორიაში მიაჩნიათ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მათი შუამდგლომლობა არ დაკმაყოფილდა, მოქმედ რექტორს კი ვადა 21 ოქტომბერს ეწურება, სასამართლო განხილვა აზრს კარგავს.

როგორც კონსერვატორიის განცხადებაში ვკითხულობთ, რექტორის არჩევნები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული კონსერვატორიის მოქმედი წესდებისა და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის სრული შესაბამისობით გამოცხადდა.

"კონკურსის გამოცხადება განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ მოქმედ რექტორს ვადა 2023 წლის 21 ოქტომბერს ეწურებოდა [...] ვერ გავიზიარებთ სამინისტროს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2019 წელს რექტორის არჩევნები არაერთი სამართლებრივი ხარვეზით ჩატარდა და 2023 წელსაც ხარვეზებით ჩატარებას გეგმავდა. საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ კონსერვატორიის ყველა რექტორი მოქმედი წესდების შესაბამისად იქნა არჩეული 2014 წლიდან მოყოლებული (რეზო კიკნაძე მეორე ვადით 2015 წელს, ნანა შარიქაძე 2019 წელს)". - წერია კონსერვატორიის განცხადებაში.

კულტურის სამინისტროში კი ამბობენ, რომ კონსერვატორიის წარმომადგენლებთან შეთანხმებით, სასწავლო დაწესებულებას დოკუმენტაციის მოწესრიგების საბოლოო ვადად 10 ოქტომბერი განესაზღვრა. თუმცა, სამინისტროს თქმით, მათთვის მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ კონსერვატორიამ სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

"კონსერვატორიისათვის ხელშეწყობის მიზნით, 2023 წლის 29 სექტემბერს სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს წევრებისა და ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, იოსებ ბაღათურია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სამინისტრო და კონსერვატორია მჭიდროდ ითანამშრომლებდნენ კონსერვატორიის შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად და იხელმძღვანელებდნენ მხოლოდ კონსერვატორიის საუკეთესო ინტერესებით.

ამავე შეხვედრაზე კონსერვატორიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ 5 სამუშაო დღეში შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავებას ვერ შეძლებდნენ და დამატებითი ვადა მოითხოვეს, რაზეც შეხვედრაზევე მიიღეს სამინისტროს თანხმობა. მოგვიანებით, მიმოწერისა და კონტაქტების შედეგად, დოკუმენტაციის მოწესრიგების საბოლოო ვადად განისაზღვრა 10 ოქტომბერი, თუმცა, როგორც 9 ოქტომბერს, სამინისტროში შემოსული სასამართლო შეტყობინებებით გაირკვა, 2023 წლის 2 ოქტომბერს კონსერვატორიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელით, რომელსაც ხელს აწერს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ ბულია (რექტორი კონსერვატორიისათვის ესოდენ მნიშვნელოვან დროს იმყოფება ხანგრძლივ მივლინებაში)". - წერია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

კულტურის სამინისტროს განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კულტურის მინისტრის 25 სექტემბრის ბრძანება ძალაში რჩება და კონსერვატორიის რექტორის არჩევნები ვერ ჩატარდება, თუ კონსერვატორია სათანადო სამართლებრივ დოკუმენტაციას კანონთან შესაბამისობაში არ მოიყვანს.

"კონსერვატორიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა 29 სექტემბრის შეხვედრაზე, სავარაუდოდ, მოჩვენებითი თანამშრომლობის გზა აირჩია, რითიც დროის მოგებას შეეცადა იმ იმედით, რომ სასამართლო მინისტრის ბრძანების მოქმედებას შეაჩერებდა და რექტორის არჩევნები არაერთი სამართლებრივი ხარვეზით ჩატარდებოდა, როგორც მოხდა წარსულში, კერძოდ, 2019 წელს. როგორც ჩანს, კონსერვატორიაში გარკვეულმა ძალებმა საბოლოოდ აირჩიეს სამინისტროსთან კონფრონტაციის გზა.

სამინისტრო, როგორც კონსერვატორიის ზედამხედველი უწყება, აცხადებს, რომ მისთვის უპირატესი კონსერვატორია და მისი ინტერესებია. ის არ დაუშვებს, რომ პირთა მცირე ჯგუფმა კონსერვატორიის განვითარებას ხელი შეუშალოს". - წერია სამინისტრის განცხადებაში.

კულტურის სამინისტროს განცხადებით, ისინი მზად არიან, კვლავ შეხვდნენ კონსერვატორიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც იმავე პოზიციას იზიარებენ.

"სამინისტროი მზად არის, მათთან ერთად გადადგას ნაბიჯები, რათა რექტორის არჩევნებისათვის აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტები - კონსერვატორიის წესდება და ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დებულება, ასევე, აკადემიური საბჭოს შემადგენლობა კანონთან შესაბამისობაში მოვიდეს და რექტორის არჩევნები ჩატარდეს კანონის სრული დაცვით". - აღნიშნულია სამინისტყროს განცხადებაში.

კულტურის სამინისტროს განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ კონსერვატორიის მოქმედ რექტორს უფლებამოსილების ვადა 21 ოქტომბერს ეწურება, ამ პერიოდიდან შესაძლებელი იქნება რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლის არჩევა.


თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიამ კულტურის მინისტრის ბრძანების "დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე"  რექტორის არჩევნების პროცედურა შეწყვიტა. კერძოდ, თეა წულუკიანის 25 სექტემბრის ბრძანებით გაუქმდა კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 28 ივლისის დადგენილება, რომელიც რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადებას, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებას და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცებას ითვალისწინებდა.

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნები 2023 წლის 10 ოქტომბერს იყო დანიშნული.

20 სექტემბერს, პარლამენტში გამოსვლისას კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ თბილისის კონსერვატორიაში რეფორმაა გასატარებელი. მისი თქმით, კონსერვატორია "უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც სამწუხაროდ ვერ ახერხებს". წულუკიანის შეფასებითვე, ეს არის არა აკადემიური პერსონალის, არამედ ხელმძღვანელობის "ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი". კულტურის მინისტრი ამბობს, რომ "როცა ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო და ხელმძღვანელი შეცვალო". წულუკიანი ირწმუნებოდა, რომ ამას აუცილებლად გააკეთებდა. 

მეორე დღეს კულტურის მინისტრის ამ განცხადებას კონსერვატორიის რექტორი, ნანა შარიქაძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ხარვეზი სისტემაშია, რომელიც გასული საუკუნის 30-იანი წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება.

"კონსერაკადემიური თავისუფლება და უმაღლესის ავტონომია არის ფასეულება და არავის აქვს მისი ხელყოფის უფლება. განათლების ხარისხი აკადემიური პერსონალის გარეშე არ არსებობს. ამ პერსონალმა და მისმა მენეჯმენტმა აკრედიტაციის ჯგუფის წინასწარი მიგნებებით მაღალი შეფასება მიიღეს, სწორედ იმ რეფორმების გამო, რომელიც 21-ე საუკუნის კურიკულუმთან თავსებადობას გულისხმობს…

ამ ხარისხის გამოა, რომ აგერ უკვე 106 წლის მანძილზე ამ ქვეყნის კულტურის სავიზიტო ბარათს ვაწარმოებთ საერთაშორისო მასშტაბით. ხარვეზი სისტემაშია, რომელიც 2023 წელს გასული საუკუნის 30-იან წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება. სამწუხაროა, რომ რეფორმა ამ სისტემას არ შეხებია.

… სულ მაინტერესებდა რატომ არ სჭირდება ამ ქვეყანას საქმის მცოდნე და იდეით შეპყრობილი ადამიანები?" - წერდა ნანა შარიქაძე.

კომენტარები