თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

კონსერვატორიის რექტორის თანამდებობაზე გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობაზე გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს.

კონსერვატორიის ინფორმაციით, არჩევნები 12 მარტს გაიმართა. შედგა ფარული კენჭისყრა, რის შედეგადაც ვაჩნაძე ერთხმად აირჩიეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის პოზიციაზე.

2023 წლის 30 ოქტომბრიდან დღემდე კონსერვატორიის რექტორის მოვალეობას გიორგი შავერზაშვილი ასრულებდა.


თეა წულუკიანის 2023 წლის 25 სექტემბრის ბრძანებით გაუქმდა კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 28 ივლისის დადგენილება, რომელიც რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადებას, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებას და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცებას ითვალისწინებდა. თეა წულუკიანის 25 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

20 სექტემბერს, პარლამენტში გამოსვლისას კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ თბილისის კონსერვატორიაში რეფორმაა გასატარებელი. მისი თქმით, კონსერვატორია "უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც სამწუხაროდ ვერ ახერხებს". წულუკიანის შეფასებითვე, ეს არის არა აკადემიური პერსონალის, არამედ ხელმძღვანელობის "ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი". კულტურის მინისტრი ამბობს, რომ "როცა ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო და ხელმძღვანელი შეცვალო". წულუკიანი ირწმუნებოდა, რომ ამას აუცილებლად გააკეთებდა.

კომენტარები